შემადგენლობაში დაბრუნება დაიმსახურა - „ბორდოს“ მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა [ვიდეო] #1TVSPORT
შემადგენლობაში დაბრუნება დაიმსახურა - „ბორდოს“ მწვრთნელმა დავითაშვილზე ისაუბრა [ვიდეო] #1TVSPORT

beIN Sports-თან ინტერვიუში „ბორდოს“ მთავარმა მწვრთნელმა, დევიდ გიონმა განმარტა, ბოლო ტურში „გრენობლთან“ მოგებულ (3:0) შეხვედრაში სასტარტო თერთმეტეული რა მოტივით შეცვალა. კონკრეტულად საუბარი იყო ძირითად შემადგენლობაში ზურიკო დავითაშვილისა და ალიუ ბაჯის დაბრუნებაზე, საიდანაც ცნობილი გახდა, რატომ ათამაშებდა „ბორდოს“ მწვრთნელი სანაკრებო მატჩების შემდეგ დავითაშვილს მხოლოდ შეცვლაზე.

„რაც შეეხება ზუკას (დავითაშვილი), მას საერთაშორისო სანაკრებო პერიოდის შემდეგ ფიზიკური გადაღლა დაეტყო, მაგრამ გავიდა მცირე დრო, კონდიციები აღიდგინა და ძირითად შემადგენლობაში დაბრუნება დაიმსახურა. სეზონის ბოლოს მნიშვნელოვანია, რომ სათამაშოდ მზად ბევრი მოთამაშეა. ეს კარგი ვითამაშებაა გუნდისთვის, რომელიც აღორძინებასა და ლიგა 1-ში დაბრუნებაზე ფიქრბს“, – აცხადებს „ბორდოს“ მთავარი მწვრთნელი.

მიუხედავად დავითაშვილის გოლზე გამოთქმული პრეტენზიისა, „გრენობლის“ მწვრთნელმა, ვინსენტ ონიონმა აღიარა, რომ „ბორდოს“ კარგი შემტევები ჰყავს: „მე მშურს ჩემი კოლეგის, რომელსაც სწორი არჩევანის გაკეთება ძლიერ მოთამაშეებში უწევს და ეს მისთვის კარგია. სადავო არ არის, რომ „ბორდოს“ მაღალი დონის შემტევები ჰყავს“.

შეგახსენებთ, რომ დავითაშვილმა „გრენობლს“ გაუტანა, „ბორდოს“ გამარჯვებასა (3:0) და მეორე ადგილზე დაბრუნებაში დაეხმარა, ხოლო საფრანგეთის ლიგა 2-ის ოფიციალურმა ვებგვერდმა ტურის სიმბოლურ ნაკრებში გიორგი მიქაუტაძესთან ერთად დაასახელა.