ბექა როყვა - ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ვარჯიში პროტესტის ნიშნად შეწყვიტა
ბექა როყვა - ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა ვარჯიში პროტესტის ნიშნად შეწყვიტა

საქართველოს ჭიდაობის ფედერაციაში მოჭიდავეები და ნაკრების მწვრთნელები შეიკრიბნენ და ფედერაციის პრეზიდენტის გეგა გეგეშიძის დაკავებასთან და საქართველოს ჩემპიონატზე განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით შეხვედრა გამართეს.

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი ბექა როყვა აცხადებს, რომ სპორტსმენები დუშეთში მიმდინარე საწვრთნელი შეკრებიდან პროტესტის ნიშნად თბილისში დაბრუნდნენ და ვარჯიშის გაგრძელებას ამ ეტაპზე არ აპირებენ.

„გეგას დაკავებიდან გამომდინარე ნაკრები ჩამოვიდა თბილისში და სპორტსმენები პროტესტის ნიშნად არ აგრძელებენ ვარჯიშს. ეს ჩემი, როგორც მწვრთნელის გადაწყვეტილება არ არის – ეს ბიჭების აზრია და ყველა სპორტსმენი აქ არის. იმის შესახებ კითხვა, აპირებენ თუ არა ვარჯიშის გაგრძელებას, თავად მათ დაუსვით. ზურაბ დათუნაშვილის განცხადება, რომ სხვა ქვეყნის სახელით გამოვა, უპასუხისმგებლოა. რაც შეეხება უშუალოდ გეგეშიძესა და დათუნაშვილს შორის დაპირისპირებას, ამ საკითხს გამოძიება დაადგენს“, – აღნიშნა როყვამ.

ვეტერანმა მოჭიდავე ლუკა კურტანიძემ განაცხადა, რომ შექმნილ ვითარებასთან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ყველამ უნდა გაიზიაროს და ხელისუფლებას სწორი ნაბიჯების გადადგმა სთხოვა.

„მივმართავთ ხელისუფლებას, რომ ჩვენ გვინდა მშვიდი და სამართლიანი გარემო. ყველა ვიზიარებთ ჩვენს პასუხისმგებლობას, მათ შორის ფედერაციაც. ეს იყო ემოცია, რომელიც პასუხისმგებლობის გრძნობამ გამოიწვია, ყველა დიდი ზეწოლის ქვეშ იყო. ფედერაციას მიეცეს საშუალება, ხელმძღვანელთან ერთად, რომ მომავალი ტურნირებისთვის კარგად მოვემზადოთ“, – თქვა კურტანიძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტი გეგა გეგეშიძე წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანეს. ის სპორტის სასახლეში მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით დააკავეს.