შეხვედრა გულშემატკივრებთან და ცვლილება - „მერანის“ მწვრთნელმა პოსტი დატოვა #1TVSPORT
შეხვედრა გულშემატკივრებთან და ცვლილება - „მერანის“ მწვრთნელმა პოსტი დატოვა #1TVSPORT

მურთაზ ხურცილავას სახელობის მარტვილის ცენტრალურ სტადიონზე „მერანის“ ხელმძღვანელობა გულშემატკივრებს შეხვდა, რის შემდეგაც გუნდში მომხდარი ცვლილების შესახებ განცხადება გაავრცელა.

მარტვილის „მერანის“ გენერალურმა დირექტორმა ჯესი სურმავამ აღმასრულებელ დირექტორთან და გუნდის მთავარ მწვრთნელთან ერთად განვლილი ორი წრე შეაფასა, კლუბში არსებულ ვიტთრებასა და მომავალ გეგმებზე ისაუბრა.

კონკრეტულად, სურმავამ დაანონსა, რომ „მერანში“ განახორციელებულ სიახლეებზე კლუბი განცხადებას გააკეთებდა. ეს ახალი ამბავი კი მწვრთნელის წასვლა აღმოჩნდა.

„მარტვილის „მერანის“ მთავარმა მწვრთნელმა, ცოტნე მონიავამ დაკავებული თანამდებობა დატოვა და გუნდს დაემშვიდობა. მადლობას ვუხდით ცოტნეს ჩვენს გუნდში გაწეული სამსახურისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში“, – წერია მარტვილელთა პრესსამსახურის ცნობაში.

მარტვილის „მერანი“ გასულ სეზონში ქუთაისის „ტორპედოს“ ეროვნული ლიგის პლეი ოფში დაუპირისპირდა, დამარცხდა და ეროვნულ ლიგაში ვერ დაბრუნდა. თუმცა, გუნდი წელს ლიგაში დაბრუნების პირველ კანდიდატად ითვლებოდა, მაგრამ 14 ტურის შემდეგ ქობულეთის „შუქურას“ 10 ქულით ჩამორჩება და 22 ქულით „სპაერთან“ მეორე-მესამე ადგილს იყოფს.