შეხვედრა 20 წუთით შეწყდა - „თელავმა“ მცველის დუბლით მოიგო #1TVSPORT
შეხვედრა 20 წუთით შეწყდა - „თელავმა“ მცველის დუბლით მოიგო #1TVSPORT

საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატის მე-11 ტურის პირველი სათამაშო დღე თელავში გამართული მატჩით დასრულდა – „თელავმა“ ბოლნისის „სიონს“ უმასპინძლა და დამაჯერებლად დაამარცხა.

„კავკასიონი არენაზე“ გამართულ მატჩში გადამწყვეტი პირველ ტაიმში მომხდარი მოვლენები გახდა. „თელავის“ გამარჯვებაში დიდი როლი ანტონ თოლორდავამ ითამაშა – გუნდის კაპიტანმა და ცენტრალურმა მცველმა მე-10 წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 45+1-ე წუთზე დუბლი შეასრულა.

მთავარმა არბიტრმა შეხვედრას უჩვეულოდ დიდი დრო, 22 წუთი დაამატა, რადგან მეორე ნახევარში თამაში შეწყდა – საჯარიმოს შესრულებისას მეტოქეთა მოთამაშეები ერთმანეთს შეეჯახნენ, რის შედეგადაც მასპინძელთა ნახევარმცველი საბა ფირანიშვილი დაშავდა – „თელავის“ ფეხბურთელი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოში გადაიყვანეს. თუ რა სიმძიმისაა მისი ტრავმა, ჯერ უცნობია.

„თელავმა“ საბოლოოდ უპირატესობა შეინარჩუნა, 2:0 მოიგო და 11 ტურის შემდეგ მოპოვებული ქულებით (14) „სამგურალს“ (14) და „გაგრას“ (14) გადაასწრო და მე-5 პოზიციაზე დაწინაურდა. „სიონი“ (10) ისევ მე-9 პოზიციაზეა.

მე-11 ტურის ბოლო შეხვედრა 4 მაისს გაიმართება. თბილისის „ლოკომოტივი“ წყალტუბოს „სამგურალს“ უმასპინძლებს. მატჩი „მიხეილ მესხი 2“-ზე 21:00 საათზე დაიწყება.