შეგვეშვით ჩვენ და ჩვენს უკრაინას - „ზენიტიდან“ წამოსულმა რაკიცკიმ რუსებს მოუწოდა, ომი დაასრულონ #1TVSPORT
შეგვეშვით ჩვენ და ჩვენს უკრაინას - „ზენიტიდან“ წამოსულმა რაკიცკიმ რუსებს მოუწოდა, ომი დაასრულონ #1TVSPORT

უკრაინის ეროვნული ნაკრებისა და „შახტარის“ ყოფილი მცველი იაროსლავ რაკიცკი პეტერბურგის „ზენიტში“ თამაშობდა, მაგრამ რუსეთის აგრესიის შემდეგ პეტერბურგის გუნდი დატოვა. მან რუსებს მიმართა, რათა ომის შესაჩერებლად ყველაფერი იღონონ.

„სამყაროს მართავს ჰუმანურობა, მართავს სიკეთე და სიყვარული სამშობლოს, დედის, შვილების, ოჯახის მიმართ. ახლა შეუძლებელია გაჩუმდე. მტკივა სამშობლოს გამო. რუსი ჯარისკაცებისგან მშვიდობიანი მოქალაქეები იხოცებიან, ჩვენ არ გვჭირდება გათავისუფლება. შეგვეშვით ჩვენ და ჩვენს უკრაინას. აზრი არ აქვს კამათს პროპაგანდის გავლენის შესახებ, იმაზეც, რომ რუსეთი თავის მოსახლეობას დეზინფორმაციით კვებავს. სიმართლეს არ ეუბნებიან, ჩემს თავისუფლებისმოყვარე უკრაინას ყოველივე საუკეთესოს და მშვიდობას ვუსურვებ“, – წერს რაკიცკი ინსტაგრამზე.

რაკიცკის ყოფილმა თანაგუნდელმა, უკრაინული „მინაის“ ფორვარდმა, ევჰენი სელეზნევმა გაიხსენა, რომ „ზენიტიდან“ წამოსულ იაროსლავს უკრაინის ტერიტორიული თავდაცვის ჯგუფში გაწევრიანება სურდა.

რაკიცკი ნამდვილი პატრიოტია. მან ომის დაწყებისთანავე თქვა, „რუსეთში ჩემი ფეხი აღარ ექნება“. მან არ იცის, სად გააგრძელებს კარიერას, ახლა თურქეთშია. სურდა, ჩემთან ერთად კიევში წამოსულიყო და ტერიტორიულ თავდაცვაში ებრძოლა, მაგრამ გადავარწმუნე“, – თქვა სელეზნევმა Fanday-თან ინტერვიუში.

იაროსლავ რაკიცკი 2019 წლის იანვრიდან რუსეთში, პეტერბურგის „ზენიტში“ თამაშობდა, რის გამოც ანდრეი შევჩენკომ უკრაინის ნაკრებიდან მოკვეთა. თუმცა, ომის დაწყების შემდეგ გამოცდილმა მცველმა რუსეთის ჩემპიონთან კონტრაქტი გაწყვიტა და სამშობლოში დაბრუნდა.