შეერთებული შტატების კოლეჯის ლიგაში მატჩი მასობრივი ჩხუბით დასრულდა (ვიდეო)

ამერიკის შეერთებულ შტატებში კოლეჯის ლიგის საკალათბურთო მატჩში მასობრივი ჩხუბი მოხდა. კანზასური დერბი „კანზას სტეიტსა“ და „კანზას იუნივერსიტის“ შორის ამ უკანასკნელთა გამარჯვებით, 81-60 დასრულდა, ჩხუბი კი საფინალო სირენამდე წამის ერთი მეათედით ადრე დაიწყო.

ინციდენტის შედეგად, სამ მოთამაშეს დისკვალიფიკაცია გამოუტანეს. სილვიო დე სოუზას (კანზას იუნივერსიტი), 12 მატჩის გამოტოვება მოუწევს, მისი თანაგუნდელი დევიდ მაკკორმაკი ორი მატჩით დაისაჯა, „კანსას სტეიტის“ ჯეიმს ლავს კი რვამატჩიანი დისკვალიფიკაცია ერგო.

„კანზას იუნივერსიტის“ მთავარმა მწვრთნელმა ბილ სელფმა მომხდარის გამო წუხილი გამოთქვა.

„გაწბილებული და შერცხვენილი ვარ იმით, რაც მოხდა. შევხვდი ჩემს მოთამაშეებს და ვიცი, რომ ყველა მათგანს კარგად ესმის, რამხელა მასშტაბის რამ მოხდა. ყველა ნანობს თავის საქციელს“, – განაცხადა სელფმა.

„უკიდურესად გაწბილებული ვარ იმით, რაც მოხდა. ასეთი საქციელი ნამდვილად მიუღებელია და ვფიქობ, მომავლისთვის შესაბამის დასკვნებს გამოვიტანთ“, – განაცხადა „კანზას სტეიტის“ დამრიგებელმა ბრიუს ვებერმა.

ინციდენტის ამოწურვის შემდეგ, მსაჯებმა გუნდებს პარკეტზე უხმეს, რათა დარჩენილი წამის მეათედი ჩაემთავრებინათ. თითო გუნდიდან მხოლოდ ხუთ-ხუთი მოთამაშე დაბრუნდა, რომლებსაც მაყურებელი უკმაყოფილო შეძახილებით შეხვდა.

დატოვე კომენტარი