შეეძლო ბუნდესლიგაში ეთამაშა - ცნობილმა მენეჯერმა ქვილითაიას უცნობი ვარიანტი გაამხილა #1TVSPORT
შეეძლო ბუნდესლიგაში ეთამაშა - ცნობილმა მენეჯერმა ქვილითაიას უცნობი ვარიანტი გაამხილა #1TVSPORT

ცნობილმა მენეჯერმა, ლაშა ოდილაძემ საქართველოს პირველ არხთან გიორგი ქვილითაიაზე უცნობი ისტორია გაიხსენა და არ დამალა, რომ მას გერმანიის ბუნდესლიგაში თამაშის შანსი ჰქონდა.

„გიორგის ჰქონდა შანსი, რომ „ანორთოსისამდე“ გერმანიაში წასულიყო. „გენტიდან“ წამოსვლა რომ გადაწყვიტა, მეორე ბუნდესლიგის „ბოხუმი“ იწვევდა და კარგ პირობებს სთავაზობდა. თუმცა იმ პერიოდში „გენტმა“ პრობლემები შეუქმნა, თავის გამოჩენის შანსს არ აძლევდნენ და ფსიქოლოგიურად ისე იყო, ისევ უცხო გარემოში წასვლას, თემურ ქეცბაიასთან მუშაობა ამჯობინა, რომელიც იცნობდა და ენდობოდა. ეს გუნდი შემდეგ ბუნდესლიგაში გადავიდა და გიორგის ჰქონდა შანსი, ამ გუნდთან ერთად ამ პრესტიჟულ ლიგაში ეთამაშა“ – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ლაშა ოდილაძემ.

ცნობილი მენეჯერის თქმით, საქართველოს ნაკრების თავდამსხმელს ბელგიელები ცუდად მოექცნენ:

„მთავარია, რომ „გენტს“ თავი დააღწია, სადაც ქვილითაიას ცუდად მოექცნენ და შანსს არ აძლევდნენ. ბელგიაში მოტეხილი ფეხით ჩავიდა და მოედანზე დაბრუნებისთანავე გაიტანა, მაგრამ შემდეგ სეზონში თავის გამოჩენის შანსი არ მისცეს, რასაც წმინდა პრაგმატული მოსაზრებით აკეთებდნენ. გიორგიზე ძვირი ღირდა კანადელი ჯონათან დავიდის და უკრაინელი რომან იარემუჩუკის ტრანსფერები და აქცენტი მათზე გააკეთეს, უფრო კარგ ფასში რომ გაეყიდათ. ქვილითაია „გენტში“ ამ გათვლებს შეეწირა და შანსი არ მისცეს“, – ამბობს ოდილაძე.

უნგრეთში მოღვაწე ქართველი მენეჯერი იმედოვნებს, რომ ქვილითაიას ვილი სანიოლი საქართველოს ნაკრებში დააბრუნებს: 

„გული დამწყდა, რომ ნაკრებში აღარ იწვევენ. მგონია, რომ გიორგი თამაშს იმსახურებს. მით უფრო, რომ „გენტის“ შემდეგ ისევ ათამაშდა, გოლებიც გაჰქონდა და ახლა კვიპროსის ყველაზე ტიტულოვან გუნდში მიიწვიეს. ვფიქრობ, რომ ის ნაკრებს კიდევ გამოადგება“.