„შავმა ლომმა“ სამხრეთ ამერიკაში მეორე მატჩიც მოიგო - ქართულმა გუნდმა ჩილეს „სელკნამი“ ბოლო წუთზე დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

„შავი ლომი“ სამხრეთამერიკულ ტურნეს განაგრძობს, რომლის ფარგლებში ქართულმა გუნდმა მეორე ტესტმატჩი ჩაატარა ჩილეს „სელკნამთან“ და დაძაბულ ბრძოლაში 33:30 გაიმარჯვა.

მატჩის დაწყების წინ „შავი ლომის“ სასტრატო შემადგენლობაში იძულებითი ცვლილება მოხდა – ბოლო ვარჯიშზე მცირე ტრავმები მიიღეს სოსო მათიაშვილმა და სანდრო თოდუამ, მწვრთნელებმა მათ ნაცვლად ძირითადში ლაშა ხმალაძე და ოთარ ლაშხი დააყენეს.

არგენტინული „დოგოს XV“-ისგან განსხვავებით, ჩილელებმა გაცილებით უკეთესი შთაბეჭდილება დატოვეს. მათ ქართველებს დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს და პირველ ტაიმში ორი ლელოც დადეს, რასაც ქართველმა მორაგბეებმა სამით უპასუხეს – თავი ოთარ ლაშხმა, გიორგი და მიხეილ ბაბუნაშვილებმა გამოიჩინეს, სამივე ლელო გიორგი ბაბუნაშვილმა შედეგიანად გარდასახა და ტაიმი „შავმა ლომმა“ 21:10 მოიგო.

შეხვედრის მეორე ნახევარი ჩილელმა მორაგბეებმა უფრო აქტიურად ჩაატარეს. ტაიმის სტარტზე პირველი ლელო ქართველებმა დადეს. „სელკნამის“ მორაგბეებმა მთელი ძალით შეუტიეს, რასაც შედეგიც მოჰყვა – მეტოქემ ორი გარდასახული ლელო და ერთი ჯარიმა გაიტანა და უპირატესობა მინიმუმამდე შეამცირა – 28:27. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე კი ჩილელებმა კიდევ ერთი ჯარიმა გაიტანეს და დაწინაურდნენ – 30:28.

ქართველმა მორაგბეებმა თამაშის გადარჩენა მაინც მოახერხეს – შეხვედრის ბოლო შეტევა აკაკი ტაბუცაძემ ლელოთი დაასრულა და „შავმა ლომმა“ 33:30 მოიგო.

შეგახსენებთ, რომ სამხრეთამერიკული ტურნეს პირველ შეხვედრაში ქართველებმა არგენტინული „დოგოს XV“ დიდი ანგარიშით 75:19 დაამარცხეს.

„შავი ლომი“ ტურნეს არგენტინაში განაგრძობს და მორიგ მატჩს 22 აპრილს, ბუენოს აირესში ღამის 01:00 საათზე „პამპასის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.

დარჩენილი მატჩების განრიგი:

22 აპრილი | ბუენოს აირესი. „კასა პუმასი“

01:00 | „შავი ლომი“ (საქართველო) – „პამპასი“ (არგენტინა)

29 აპრილი | მონტევიდეო. „შარუა“

01:00 | „შავი ლომი“ (საქართველო) – „სუდამერიკა რაგბი XV“

6 მაისი | მონტევიდეო. „შარუა“

22:00 | „შავი ლომი“ (საქართველო) – „პენაროლი“ (ურუგვაი)

ფოტოები რაგბის კავშირის ფეისბუკის გვერდიდან