„შავი ლომის“ მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სამხრეთ ამერიკაში ჩატარებულ მატჩებსა და შეკრების მიმდინარეობას აფასებს #1TVSPORT
„შავი ლომის“ მწვრთნელი ლევან მაისაშვილი სამხრეთ ამერიკაში ჩატარებულ მატჩებსა და შეკრების მიმდინარეობას აფასებს #1TVSPORT

პირველი ქართული ფრენჩაიზი „შავი ლომი“ სამხრეთამერიკულ ტურნეს განაგრძობს და ტესტ მატჩებს ატარებს. ლევან მაისაშვილის გუნდმა არგენტინის „დოგოს XV“ (75:19) და ჩილეს „სელკნამი“ (33:30) დაამარცხა.

გუნდის მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა განვლილი ორი მატჩი და სამხრეთამერიკული ტურნეს მიმდინარეობა შეაჯამა.

„პირველი მეტოქე შედარებით სუსტი აღმოჩნდა, თუმცა მხოლოდ ანგარიშით დასკვნებს არ გავაკეთებდი. მქონდა საუბარი „დოგოსის“ მწვრთნელებთან. მათ რამდენიმე ტრავმირებული მოთამაშე ჰყავდათ. თუ გადავხედავთ ჩვენს შემადგენლობას, პირველი ნომრები ჩვენც საკმარისად დავასვენეთ.

არგენტინელებთან პირველი ტაიმი ძალიან კარგად ჩავატარეთ. ყველა შესაძლებლობა რაც გვქონდა გამოვიყენეთ და მოწინააღმდეგე ადვილად გავტეხეთ. ერთი მეორეზე უკეთესი ტაქტიკური ლელოები გავიტანეთ, რაც დასაფასებელია. იყო მოულოდნელობის ეფექტიც, რამდენიმე ლელო ისე გავიტანეთ, მეტოქეს გონზე მოსვლის საშუალება არ მივეცით.

შესვენების შემდეგ ორივე გუნდში ბევრი ცვლილება განხორციელდა. არგენტინელებმა პირველი ნომრები შემოიყვანეს და თამაში ოდნავ გათანაბრდა“, – განაცხადა მაისაშვილმა.

„შავმა ლომმა“ მეორე თამაში ჩილეს „სელკნამთან“ ჩაატარა, რომელიც, პრაქტიკულად, ჩილეს ნაკრებია. გუნდის სათავეში ჩილეს ნაკრების სამწვრთნელო შტაბია, განაცხადში კი 19 ისეთი მოთამაშე იყო, რომლებმაც აშშ-სთან ისტორიული გამარჯვება მოიპოვეს. 2023 წლის მსოფლიო თასის შესარჩევ ეტაპზე, ჩილემ სამხრეთ ამერიკაში ურუგვაის შემდეგ მეორე ადგილი დაიკავა, ორმატჩიან პლეი ოფში ჯერ კანადას აჯობა (21:22, 33:24), მერე აშშ-ს 52:51 (21:22, 31:29) და ისტორიაში პირველად მოიპოვა მსოფლიო თასის საგზური.

„მეტოქე მაქსიმალურად მობილიზებული გვეთამაშა და კარგი ტესტი გამოგვივიდა. ის „დოგოსისგან“ ტაქტიკურად განსხვავებულ რაგბს თამაშობდა. შეცვლების რაოდენობა აქაც არასტანდარტული იყო. მიუხედავად იმისა, რომ არბიტრმა რამდენიმე საეჭვო გადაწყვეტილება მიიღო, გვქონდა დისციპლინის პრობლემები. რაღაც ეპიზოდებში პრევენცია შეიძლებოდა და აუცილებლად გვექნება ანალიზი.

კარგია, რომ კაცნაკლულებმა გამოვნახეთ ძალა და შევძელით პასუხი გაგვეცა როგორც მოწინააღმდეგისთვის, ასევე მსაჯისთვის. მიუხედავად იმისა, რომ არბიტრმა ჩვენს მორაგბეებს ოთხი ყვითელი ბარათი აჩვენა და ფაქტობრივად, უბურთოდ დაგვტოვა, სიტუაციას ბოლომდე ვაკონტროლებდით. დასაფასებელია ისიც, რომ მეტოქე არ გატყდა და ბოლომდე იბრძოლა, რაც ჩილესთვის დამახასიათებელია“, – ამბობს მაისაშვილი.

მონტევიდეოში თამაშების გარდა „შავმა ლომმა“ ურუგვაის „პენიაროლთან“ (რომელიც, ფაქტობრივად, ურუგვაის ნაკრების ბირთვს წარმოადგენს), ერთობლივი ვარჯიში გამართა. ასეთი ერთობლივი წვრთნა მომავალ კვირაშიც იგეგმება.

ოთხშაბათს, „შავი ლომი“ გემით არგენტინაში გადავა და ბუენოს აირესში ადგილობრივ „პამპასს“ 22 აპრილს, თბილისის დროით ღამის პირველ საათზე ეთამაშება. მიკრო ტრავმების გამო, ქართულ გუნდს მომავალ შეხვედრაში რამდენიმე მოთამაშე დააკლდება.

„შავი ლომის“ დარჩენილი მატჩების განრიგი:

22 აპრილი | ბუენოს აირესი. „კასა პუმასი“

01:00 | „შავი ლომი“ (საქართველო) – „პამპასი“ (არგენტინა)

29 აპრილი | მონტევიდეო. „შარუა“

01:00 | „შავი ლომი“ (საქართველო) – „სუდამერიკა რაგბი XV“

6 მაისი | მონტევიდეო. „შარუა“

22:00 | „შავი ლომი“ (საქართველო) – „პენაროლი“ (ურუგვაი)