„შავი ლომი“ რაგბი ევროპის სუპართასის გამარჯვებული ზედიზედ მეორედ გახდა [ვიდეო] #1TVSPORT

თბილისში, „ავჭალის“ სტადიონზე, რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალში „შავი ლომი“ „თელავივ ჰითს“ დაუპირისპირდა, 29:17 დაამარცხა და ზედიზედ მეორედ გახდა ამ ტურნირის გამარჯვებული.

მიმდინარე გათამაშებაში „შავი ლომი“ თელ-ავივის გუნდს ორჯერ შეხვდა და ერთხელაც ვერ მოუგო (ფრე და წაგება), ახლა კი სრულფასოვანი რევანში აიღო და ტიტულს დაეუფლა.

ლევან მაისაშვილის გუნდმა თამაში თავიდანვე აქტიურად დაიწყო და მალევე სოლიდური უპირატესობაც მოიპოვა – ანგარიში საჯარიმო დარტმით ლუკა მატკავამ გახსნა. პირველ ტაიმში დემე თაფლაძისა და ლაშა ხმალაძის ლელოებს სტუმრებმა ერთი საჯარიმო დარტყმით უპასუხეს. ტაიმი „შავმა ლომმა“ 22:3 მოიგო.

ჩვენებმა აქტიურად დაიწყეს მატჩის მეორე ნახევარიც – დასაწყისშივე მატკავამ კიდევ ერთი ლელო გაიტანა, რომელიც თავადვე შედეგიანად გარდასახა – 29:3.

„ჰითი“ თამაშის გადარჩენას შეეცადა და დიდი ძალებით წავიდა შეტევაში, 55-ე წუთზე ლელოს გატანაც მოახერხა, რომელიც შდეგაინად გარდასახეს – 29:10. ლელოს შემდეგ სტუმრები კიდევ უფრო გააქტიურდნენ და რამდენიმე წუთში მეორე ლელოც გაგვიტანეს – ჩვენს ხუთმეტრიან ზონასთან დერეფანი მოიგეს, კარგი მოლი შეკრეს და შეტევა გარდასახული ლელოთი დაასრულეს – 29:17.

საბოლოოდ, „შავმა ლომმა“ მოხერხა შეხვედრის გამარჯვებამდე მიყვანა და ზედიზედ მეორედ გახდა რაგბი ევროპის სუპერთასის გამარჯვებული.