„შავი ლომი“ ფინალისთვის ემზადება - ღია ვარჯიში „შევარდენის“ ბაზაზე #1TVSPORT
„შავი ლომი“ ფინალისთვის ემზადება - ღია ვარჯიში „შევარდენის“ ბაზაზე #1TVSPORT

17 დეკემბერს, 16 საათზე, „ავჭალის“ სტადიონზე, რაგბი ევროპის სუპერთასის ფინალური შეხვედრა გაიმართება, რომელშიც „შავი ლომი“ „თელავივ ჰითს“ დაუპირისპირდება. ამ შეხვედრისთვის ქართული გუნდი „შევარდენის“ სანაკრებო ბაზაზე ემზადება და ღია ვარჯიში გამართა, რომლის დასრულების შემდეგაც მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა და მორაგბეებმა მომავალ თამაშზე ისაუბრეს.

ლევან მაისაშვილი: „წინა კვირა აღდგენისთვის გამოვიყენეთ და ზოგადი ვარჯიშები გვქონდა. შემდეგ ორი დღე დავისვენეთ და ორშაბათიდან საწვრთნელ შეკრებაზე გადავედით. ფინალური მატჩისთვის მნიშვნელოვან კომპონენტებში ვივარჯიშეთ. ფინალს ის გუნდი იგებს, რომელიც ნაკლებ შეცდომას უშვებს. ვიმედოვნებ, თამაშს ჩვენ გავაკონტროლებთ. სამწუხაროდ, პრობლემები გვაქვს მოთამაშეების ჯანმრთელობასთან დაკავშირებით – გიორგი ჭყოიძემ რეაბილიტაცია ვერ დაასრულა, დაშავებულია სოსო მათიაშვილი, მიხეილ გაჩეჩილაძეს ვარჯიშზე ტრავმა გაუმიზეზდა, რამდენიმე მოთამაშეს მიკრო ტრავმები აწუხებთ.

წინა შეხვედრებში მეტოქე სათანადოდ არ დავაფასეთ და შედეგიც სახეზეა – „ჰითთან“ ერთი შეხვედრა ფრედ დავასრულეთ, მეორე კი წავაგეთ. ასე რომ, მათთან პირადი ანგარიშები გვაქვს და თავს ვალდებულად ვთვლით, ფინალი აუცილებლად მოვიგოთ. ეს მნიშვნელოვანია როგორც ჩვენთვის, ასევე გულშემატკივრისთვის. ვიმედოვნებ, სტადიონი გაივსება და გამარჯვებას ყველა ერთად ვიზეიმებთ“.

ლაშა ხმალაძე: „სერიოზული მეტოქე გვყავს, აქტიურობს შეჯგუფებებში, ინდივიდუალურად ძლიერი მორაგბეებითაა დაკომპლექტებული. ფინალია და დაძაბული შეხვედრა იქნება. ვეცდებით მეტი შევუტიოთ და მოწინააღმდეგე მუდმივ წნეხში ვამყოფოთ. ვთვლი, რომ თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ“.

ოთარ ლაშხი: „ვეცდებით გუნდური თამაში ვაჩვენოთ, ბოლომდე დავიხარჯებით და მაქსიმუმს გავიღებთ მოსაგებად. მნიშვნელოვანი იქნება ქომაგის მხარდაჭერა, რადგან მათგან დიდ მუხტს და ენერგიას ვიღებთ“.