შავდათუაშვილმა საქართველოს მესამე ოქრო მოუტანა | აბუ დაბის გრანდ სლემი [ვიდეო]

აბუ დაბის გრანდსლემზე საქართველოს მესამე ოქრო ლაშა შავდათუაშვილმა (73 კგ.) მოუტანა.

ფინალურ ორთაბრძოლაში ლაშა აკი გიაკოვას შეხვდა. დაპირისპირების დაწყებიდან ორ წუთ ნახევარში გიაკოვამ ილეთი წამოიწყო, თუმცა ქართველი მეტოქეს მომზადებული დახვდა და ვაზა-არი მოიპოვა. შეხვედრის ბოლო წამებზე კოსოვოელი კიდევ ერთხელ გააქტიურდა, მაგრამ შავდათუაშვილმა თავი კარგად დაიცვა და ოქროს მედალს დაეუფლა.

შეგახსენებთ, რომ ტურნირის პირველ დღეს, საქართველოს ოქროს მედლები ამირან პაპინაშვილმა (60 კგ.) და ვაჟა მარგველაშვილმა (66 კგ.) მოუტანეს.

დღეს, საქართველოს ღირსებას სამი სპორტსმენი იცავდა. ფრიდონ გიგანი (73 კგ.) ასპარეზობას პირველივე წრიდან გამოეთიშა, ხოლო თამაზ კირაკოზაშვილი (81 კგ.) კი მესამე წრეში, ირანელ საეიდ მოლაეისთან დამარცხდა.