შავდათუაშვილის პირველი გამარჯვება პარიზის გრანდ სლემზე - ნინიაშვილი მერვედფინალშია [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის დედაქალაქში დღეს დაიწყო პრესტიჟული ტურნირი ძიუდოში – პარიზის გრანდ სლემი.

პირველ საშეჯიბრო დღეს მამაკაცები – 60, 66 და 73 კგ, ქალები კი 48, 52, 57 და 63 კგ წონით კატეგორიებში ასპარეზობენ. პარიზის გრანდ სლემზე მედლებისთვის დღეს ოთხი ქართველი იბრძოლებს.

შეჯიბრზე პირველი გამარჯვება მოიპოვა ოლიმპიურმა, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონმა ლაშა შავდათუაშვილმა (73კგ). ქართველმა დომინიკის რესპუბლიკის წარმომადგენელი ტორნალი გაფრთხილებებით დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

ტურნირის ამავე ეტაპზე იჭიდავებს ბაგრატ ნინიაშვილიც (66კგ), რომელმაც მეორე შეხვედრაში გაერთიანებული საამიროების სახელით გამომსვლელ ქართველს, გურამ ძავაშვილს სძლია. მეოთხედფინალის საგზურისთვის ნინიაშვილის მეტოქე წონის პირველი ნომერი, მოლდოველი დენის ვიერუ იქნება.

პარიზის გრანდ სლემზე რამდენიმე წუთში პირველ დაპირისპირებებს გამართავენ თემურ ნოზაძე (60კგ) და ნაკრების დებიუტანტი მარიამ ციხელაშვილი (57კგ).

შარშანდელ ტურნირზე ქართველმა ძიუდოისტებმა ოთხი მედალი მოიპოვეს: ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ) ჩემპიონი გახდა, ტატო გრიგალაშვილი (81 კგ) მეორე ადგილზე გავიდა, ხოლო ჯაბა პაპინაშვილი (60 კგ) და ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ) ბრინჯაოს მედლებს დაეუფლნენ.

საფრანგეთის დედაქალაქში წინასწარი შეხვედრები თბილისის დროით 11:00-ზე დაიწყო, ფინალური ბლოკი კი 20 საათზე გაიმართება.