შავდათუაშვილი პარიზის გრანდ სლემის ფინალშია, მარგველაშვილი და პაპინაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებენ [ვიდეო] #1TVSPORT

საფრანგეთის დედაქალაქში დღეს ძიუდოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ტურნირი, პარიზის გრანდ სლემი დაიწყო. შეჯიბრზე, რომელიც 5-6 თებერვალს გაიმართება, საქართველოს ნაკრების სახელით ექვსი სპორტსმენი გამოდის. ტურნირის პირველ საშეჯიბრო დღეს ჩვენი გუნდიდან სამმა ძიუდოისტმა იასპარეზა და სამივე მათგანს ფინალურ ბლოკში ვიხილავთ.

73 კგ წონით კატეგორიაში საქართველოს ნაკრების წევრი, 2008 წლის ოლიმპიური ჩემპიონი, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი, 2021 წლის მსოფლიო ჩემპიონი, პარიზის გრანდ სლემის პირველი ნომერი ლაშა შავდათუაშვილი ფინალში იჭიდავებს. ქართველმა ნახევარფინალში უზბეკი მეტოქე აკხადოვი ყვითელი ბარეთებით დაამარცხა და ოქროს მედლისთვის იაპონელ სოიჩი ჰაშიმოტოსთან იბრძოლებს.

ფინალურ ბლოკში ვიხილავთ ვაჟა მარგველაშვილსაც (66კგ), რომელიც ნახევარფინალში მონღოლ მეტოქესთან დამარცხდა და ტურნირზე ბრინჯაოს მედლისთვის იჭიდავებს.

პარიზის გრანდ სლემზე მესამე ადგილისთვის იბრძოლებს ჯაბა პაპინაშვილიც. მან რეპეშაჟში ბელგიელი ძიუდოისტი დაამარცხა და ბრინჯაოსთვის იასპარეზებს. ფინალური ბლოკი კი 20:00 საათზე დაიწყება.