შატილის გზაზე ავარიისას დაზარალებული - ჩვენი მოთხოვნა იყო, გამოძიება დროულად ჩატარებულიყო, გამოძიება მძღოლის ბრალეულობისკენ მიდიოდა, მაგრამ ასე არ ყოფილა
შატილის გზაზე ავარიისას დაზარალებული - ჩვენი მოთხოვნა იყო, გამოძიება დროულად ჩატარებულიყო, გამოძიება მძღოლის ბრალეულობისკენ მიდიოდა, მაგრამ ასე არ ყოფილა

შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებულ „თრეველ ჯის“ დირექტორს, შალვა ბოლოთაშვილს ბრალი ოფიციალურად წარედგინა. მისი ადვოკატის, შავშენ მჟავანაძის თქმით, ბოლათაშვილი ბრალს არ აღიარებს.

ადვოკატი ჯერჯერობით დეტალებზე არ საუბრობს. მისი თქმით, საქმის მასალებს გაეცნობა და ვრცელ კომენტარს ამის შემდეგ გააკეთებს.

„უკვე ოფიციალურად წარუდგინეს ბრალი. ერთადერთი, რასაც ამ ეტაპზე გიდასტურებთ, არის ის, რომ ის ბრალს არ აღიარებს“, – აცხადებს შავშენ მჟავანაძე.

სასამართლოს 24 საათი აქვს, რომ საქმეზე სხდომა დანიშნოს.

შატილის გზაზე ავარიის შედეგად გარდაცვლილების ოჯახის წევრებისა და ორი დაშავებული მგზავრის ინტერესების დამცველების განცხადებით, შალვა ბოლოთაშვილი ტექნიკური საშუალების გაუმართაობის გამო დააკავეს. 17 გარდაცვლილის ოჯახებისა და ორი დაშავებული მგზავრის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავს. ორგანიზაციის წარმომადგენლის, დიტო ნოზაძის თქმით, ექვსი თვის განმავლობაში დაზარალებულები ითხოვდნენ, რომ მომხდართან შემხებლობაში მყოფი პირები პასუხისგებაში მიცემულიყვნენ. დღევანდელი დაკავებით კი, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა. დაზარალებულების პოზიციაა, რომ მიკროავტობუსი იყო გაუმართავი, რაზეც პასუხისმგებელი მხოლოდ კომპანიაა.

„ყველაზე მნიშვნელოვანი მტკიცებულება ის არის, რომ ტექნიკურად გაუმართავი იყო ავტოსაშუალება და კომპანიამ ასეთი გაუმართავი ავტოტრანსპორტით გადაიყვანა ამდენი ადამიანი. 16 კაცი უნდა ყოფილიყო და 20 კაცი იჯდა. ამაზე მეტი მტკიცებულება რა უნდა იყოს? წახვიდე ტექნიკურად ასეთი გაუმართავი ავტომობილით ისეთ ტურში, როგორიც არის შატილი, სადაც ყოველთვის არსებობს რაღაც რისკი, ეს უკვე საკმარისი მტკიცებულებაა. დაზარალებულების მთავარი მოთხოვნა იყო და არის, პასუხისგებაში მიეცნენ პირები, რომლებიც დამდგარი ტრაგედიის უშუალოდ მონაწილე არიან. ეს უნდა იყოს პრევენცია, რომ მსგავსი აღარ განმეორდეს. კომპანიის პასუხისმგებლობა იკვეთება იმაში, რომ უნდა უზრუნველყოს მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანა. აქ მთავარი საკითხია, რომ ის სატრანსპორტო საშუალება, რომლითაც გადაადგილდებიან, უნდა იყოს გამართული“, – განაცხადა დიტო ნოზაძემ.

საქართველოს პირველი არხი გაესაუბრა შატილის გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევისას ერთ-ერთ დაშავებულ ნატალია თხელიძეს, რომლის თქმითაც, მიკროავტობუსი საკმაოდ ძველი იყო, რამაც ტურის დაწყებამდე მისი გაკვირვება გამოიწვია. მისივე თქმით, მძღოლი სწრაფად არ მოძრაობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში, მგზავრები ამ ფაქტს გააპროტესტებდნენ. დაზარალებულის თქმით, საქმის გამოძიებას ექვსი თქვე ელოდნენ და პასუხისმგებლობის დაკისრების საკითხი მათი მთავარი მოთხოვნა იყო.

„ჩვენ მოვითხოვდით, რომ გამოძიება დროულად ჩატარებულიყო. აქამდე გაიწელა. გუშინ გავიდა ექვსი თვე ამ დიდი ტრაგედიის შემდეგ. როგორც იქნა, რაღაც ძვრა არის, რაც დღეს მოხდა. გვაქვს იმედი, გაგრძელდება გამოძიება, არ გავჩერდებით ერთ ადგილზე.

ავარიის დღეს მიკროავტობუსი ვიზუალურადაც განსხვავდებოდა დანარჩენებისგან, იყო ძველი. ვერ გეტყვით, ტექნიკურად რამე სჭირდა თუ არა. თუმცა ალბათ ისე იყო, რასაც ამბობს ექსპერტიზა, იყო დაზიანებული. როგორც ვიცი, მიმდინარეობდა გამოძიება, რომ მძღოლის ბრალეულობისკენ წასულიყო, მაგრამ ნამდვილად არ არის ასე. ჩვენ ჩქარა არ გვივლია. მარტო მე რომ ვყოფილიყავი და გამეპროტესტებინა, იქ იმდენი ზრდასრული ადამიანი იყო, აუცილებლად გააპროტესტებდნენ. რამე ისეთი შეფერხებაც არ ყოფილა, რომ მძღოლს დაეშვა შეცდომა. ამას აუცილებლად გააპროტესტებდნენ სხვებიც და მეც. ის გზა, რაც გავიარეთ, დიდი სიჩქარით არ გაგვივლია“, – განაცხადა ნატალია თხელიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ შატილის გზაზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით ორი პირი დღეს დააკავა. „შინაგან საქმეთა სამინისტროს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტისა და შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურატურის თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, ორი პირი: 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და 1966 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებაში, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. დანაშაული 6-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აცხადებენ შსს-ში.

2020 წლის 23 აგვისტოს, დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბისოს მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა 17 ადამიანი, სამი ადამიანი კი მძიმედ დაშავდა. „სამართალდამცველებმა, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტურისტული კომპანია შპს „თრეველ ჯის“ დირექტორი – 1986 წელს დაბადებული შ.ბ. და ამავე კომპანიის მიერ დაქირავებული სამგზავრო მიკროავტობუსის მესაკუთრე – 1966 წელს დაბადებული გ.გ. დააკავეს“, – აცხადებენ შსს-ში. უწყების ცნობით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 277-ე მუხლის 1-ლი და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტექნიკურად გაუმართავი ტრანსპორტის საექსპლუატაციოდ გაშვებას, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.