შაშიაშვილი „შუქურას“ წარმატებაზე - ეროვნულ ლიგაში გაძლიერება დაგვჭირდება
შაშიაშვილი „შუქურას“ წარმატებაზე - ეროვნულ ლიგაში გაძლიერება დაგვჭირდება

ქობულეთის „შუქურას“ მთავარმა მწვრთნელმა, გიორგი შაშიაშვილმა საქართველოს პირველ არხთან სამწლიანი პაუზის შემდეგ კლუბის ეროვნულ ლიგაში დაბრუნებაზე ილაპარაკა – გუნდმა ბოლო ტურში „ვიტ ჯორჯიასთან“ ქობულეთში გამართული მატჩი წააგო, მაგრამ მისი კონკურენტი წყალტუბოს „სამგურალიც“ დამარცხდა და „შუქურას“ ვეღარ დაეწევა. შაშიაშვილმა არ დამალა, რომ ჩემპიონატის ბოლო ნაწილი გუნდმა ჩააგდო.

„ჩვენ თავიდანვე ვლიდერობდით, მაგრამ სეზონის ბოლო ნაწილი ჩავაგდეთ, რაც კორონავირუსის ბრალი იყო. ოქტომბერში ლამის მთელ გუნდს კორონავირუსი დაუდგინდა და ყველა 12-დღიან კარანტინში გადავედით. ამის გამო თამაშები გადაგვიდეს, მერე ყველა დროულად ვერ მომჯობინდა და ფორმიდან ამოვარდნილმა გუნდმა მჭიდრო გრაფიკით მნიშვნელოვანი თამაშები ჩავაგდეთ. საბედნიეროდ, კონკურენტებმა ვერ მოიგეს და ეროვნულ ლიგაში დავბრუნდით“, – ამბობს საქართველოს პირველ არხთან ქობულეთის „შუქურას“ მთავარი მწვრთნელი.

ქობულეთის „შუქურამ“ ეროვნული ლიგა 2-ის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე პირველი ადგილი გაინაღდა და ლიგის ჩემპიონი გახდა. ქობულეთელები ეროვნულ ლიგაში ბოლოს 2017 წლის სეზონში გამოდიოდნენ, როდესაც ახალი ფორმატით გამართული პირველი სეზონი ბოლო ადგილზე დაასრულეს და რანგით მეორე ლიგაში გადაინაცვლეს.

შაშიაშვილის თქმით, გუნდი გაძლიერებას გეგმავს და სპონსორის იმედი აქვს: „ეროვნული ლიგის ახალი სეზონისთვის შემადგენლობა, სავარაუდოდ, შეიცვლება. წელს საკმაოდ კარგი შემადგენლობა გვყავდა. თუმცა, ამ გუნდით ეროვნულ ლიგაში თამაში გაგვიჭირდება და ამიტომ უნდა გავძლიერდეთ. რამდენიმე მოთამაშის დამატება გვსურს და მოლაპარაკებაც გვქონდა. მალე გვეცოდინება, ახალი წლისთვის რა ოდენობის ბიუჯეტი გვექნება და თანხები რის საშუალებას მოგვცემს. „შუქურა“ მხოლოდ ფონდის იმედად არაა, საკმაოდ ძლიერი სპონსორი ჰყავს, რამაც წარმატებაში დიდი როლი ითამაშა“.