შაშიაშვილი ლიგა 2-ის საუკეთესო მწვრთნელია
შაშიაშვილი ლიგა 2-ის საუკეთესო მწვრთნელია

ეროვნული ლიგის ტრადიციულ დაჯილდოებაზე, რომელიც წელს ონლაინ რეჟიმში იმართება, ეროვნული ლიგა 2-ის 2020 წლის სეზონის საუკეთესო მწვრთნელი გახდა ცნობილი.

გამოკითხულებმა უპირატესობა გიორგი შაშიაშვილს მიანიჭეს და ქობულეთის „შუქურას“ მთავარ მწვრთნელს სეზონის საუკეთესო მწვრთნელის პრიზი გადაეცა.

41 წლის გიორგი შაშიაშვილის ქობულეთის „შუქურამ“ ეროვნული ლიგა 2-ის ჩემპიონის ტიტული ერთი ტურით ადრე გაიფორმა და ეროვნულ ლიგაში დაწინაურდა.

გიორგი შაშიაშვილმა საფეხბურთო კარიერა საქართველოს მრავალგზის ჩემპიონ „დინამო თბილისში“ სულ რაღაც 15 წლის ასაკში დაიწყო და გუნდთან ერთად 2004 წელს დსთ–ს თასის მფლობელი გახდა.

ითამაშა „ალანიაში“, ოდესის „ჩერნომორეცში“, გრაცის „შტურმში“, ბერძნულ „ერგოტელისში“, 2013 წლიდან კი ისევ „დინამოში“ დაბრუნდა. 2013 წელს შაშიაშვილმა გუნდი დატოვა და კარიერა დაასრულა. საქართველოს ნაკრებში 30 მატჩი ჩაატარა და ერთი ბურთი გაიტანა – იტალიის ნაკრების კარში, რომელსაც ჯიჯი ბუფონი იცავდა.

შაშიაშვილმა სამწვრთნელო საქმიანობა 2014 წელს თბილისის „დინამოს“ საფეხბურთო აკადემიის 14-წლამდე ფეხბურთელთა გუნდის მწვრთნელის რანგში დაიწყო. 2017−2018 წლებში ქობულეთის „შუქურა“ პირველად ჩაიბარა. 2018 წელს გორის „დილას“ მთავარი მწვრთნელის ასისტენტი გახდა, იმავე წელს კი მთავარი მწვრთნელი გახდა. ქობულეთის გუნდში კი 2019 წელს დაბრუნდა და „შუქურა“ ეროვნულ ლიგაში გადაიყვანა.

დატოვე კომენტარი