შარლ მიშელი უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნას უჭერს მხარს
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნას მხარი დაუჭირა. ამის შესახებ შარლ მიშელმა „ტვიტერში“ დაწერა.
„მხარს ვუჭერ უკრაინის სოლიდარობის ფონდის შექმნას, რომელიც ხელს შეუწყობს ძირითადი სერვისების მიწოდებას და მოქალაქეების დაუყოვნებელი საჭიროებების დაკმაყოფილებას. გრძელვადიან პერსპექტივაში, გახდება საფუძველი თავისუფალი და დემოკრატიული უკრაინის აღდგენისათვის, საომარი მოქმედებების შეწყვეტის შემდეგ. პარტნიორებს შეუძლიათ, ფონდის განვითარებაში საკუთარი წვლილი საერთაშორისო დონორთა კონფერენციის მეშვეობით შეიტანონ“, – წერს შარლ მიშელი.
ამასთან, ევროპული საბჭოს პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან საუბარს შესახებაც წერს.
„პრეზიდენტ ზელენსკისთან განვიხილე, როგორ შეგვიძლია, გავზარდოთ კოლექტიური მხარდაჭერა უკრაინისადმი. განვიხილეთ უკრაინასა და რუსეთს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების კონკრეტული ელემენტები“, – აღნიშნულია შარლ მიშელის განცხადებაში.
Shared with president @ZelenskyyUa how we are collectively stepping up our support to #Ukraine
Discussed concrete elements in ongoing negotiations between Ukraine and Russia. pic.twitter.com/BXLaw8aLra
— Charles Michel (@eucopresident) March 18, 2022