შარლ მიშელი უკრაინელებს მიმართავს - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, პასუხს ვაგებინებთ ამ ომზე პასუხისმგებელ ყველა პირს
შარლ მიშელი უკრაინელებს მიმართავს - ჩვენ თქვენს გვერდით ვართ, პასუხს ვაგებინებთ ამ ომზე პასუხისმგებელ ყველა პირს

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი უკრაინელებისადმი ვიდეომიმართვას ავრცელებს.

„ძვირფასო უკრიანელო მეგობრებო, რუსეთმა გადაწყვიტა, დაიწყოს სასტიკი, ველური ომი, რომელიც დაფუძნებულია საძაგელ ტყუილზე. თქვენ კი, უკრაინელი ხალხი, ხართ ამ უგუნურებისა და სიცრუის უდანაშაულო მსხვერპლი. ეს არის კრემლის ომი, პუტინის ომი და არა რუსი ხალხის ომი. მაიდნის შემდეგ, თქვენ, უკრაინელმა ხალხმა, გააკეთეთ მამაცი და თავისუფალი არჩევანი თავისუფლების, დემოკრატიისა დ კანონის უზენაესობის სასარგებლოდ. დღეს თქვენ წინააღმდეგობას უწევთ გაცხარებულად და გმირულად. თქვენ იცავთ თქვენს მიწას და ღირსებას, თქვენს თავისუფლებას და თქვენს შვილებს, თქვენს ერთიანობას, თქვენს დემოკრატიას. თავდასხმის ქვეშ ასევე არის მთელი ევროპის ღირსება, თავისუფლება და დემოკრატია, ამას იცავთ თქვენ. სწორედ ამიტომ, ჩვენ, ევროკავშირში გვეკისრება მორალური და პოლიტიკური ვალდებულება, აღვუდგეთ ამ ისტორიულ გამოწვევას. ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით არა მხოლოდ სიტყვებით, არამედ კონკრეტული და დაუყოვნებლივი ქმედებებით. ჩვენს პარტნიორებთან ერთად, ჩვენ მოვახდინეთ ომის საწინააღმდეგო კოალიციის მობილიზება თქვენი და თქვენი ქვეყნის მხარდასაჭერად. უამრავი ქვეყანა და ლიდერი საერთაშორისო სამართლის დასაცავად დადგა. ჩვენ ვუწევთ ორგანიზებას თავდაცვითი სამხედრო აღჭურვილობის საგანგებო მიწოდებას. თქვენი ჯარისთვის იარაღი, აღჭურვილობა, რაკეტები და საწვავი უკვე გზაშია. ასევე, უზრუნველვყოფთ მნიშვნელოვან ფულად და ჰუმანიტარულ დახმარებას. ჩვენ უკვე ძლიერად ვარტყამთ მათ, ვინ დაიწყო ეს ომი თქვენს წინააღმდეგ. ყველა პარტნიორთან ერთად, ჩვენ დავაწესეთ უპრეცედენტო სანქციები რუსეთის ხელისუფლების წინააღმდეგ, მათ შორის, ვლადიმირ პუტინისა და სერგეი ლავროვის წინააღმდეგ. ჩვენ სამიზნეში გვყავს მათი მხარდამჭერი ყველა ოლიგარქი. ჩვენს მოკავშირეებთან ერთად, ჩვენ რუსეთსა და მის ეკონომიკას საერთაშორისო ფინანსური სისტემიდან მოვკვეთთ. ეს სერიოზულად შეასუსტებს რუსეთის უნარებს გლობალური ოპერაციების მიმართულებით. ჩვენ ასევე ვხურავთ ევროპულ საჰაერო სივრცეს რუსული ავიაკომპანიებისთვის. ჩვენ კიდევ უფრო წინ წავალთ. ჩვენ ვისურვებდით, რომ ეს კონფლიქტი დიალოგითა და მოლაპარაკებებით მოგვარებულიყო. თუმცა, არ უნდა იყოს ეჭვი, რომ ჩვენ პასუხს ვაგებინებთ ამ ომისთვის პასუხისმგებელ ყველა პირს და ყველა მას, ვინც არღვევს ომის სამართალსა და საერთაშორისო ჰუმანიტარულ სამართალს“, – ამბობს შარლ მიშელი მიმართვაში.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ის მუდმივ კონტაქტზეა უკრაინის მამაც პრეზიდენტთან, ვოლოდიმირ ზელენსკისთან.

„მე მივესალმები მის სიმტკიცესა და სიმამაცეს. ის ასახავს თქვენს სიმტკიცესა და თქვენს სიმამაცეს. თქვენი პრეზიდენტი და თქვენ, უკრაინელი ხალხი წინ აღუდექით ამ ისტორიულ მომენტს და დღეს მთელი ევროპა ასევე უნდა აღუდგეს ამ ისტორიულ მომენტს. ჩვენ თქვენს გვერდით ვართ“, – მიმართავს შარლ მიშელი უკრაინელებს.