შარლ მიშელი - ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის სამიტი იყო შესაძლებლობა, დიდი პოლიტიკური ძალით დაგვედასტურებინა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ადგილი ევროკავშირშია
ევროკავშირისა და დასავლეთ ბალკანეთის ლიდერებმა ბრიუსელში ბლოკის გაფართოება და ურთიერთთანამშრომლობა განიხილეს.
როგორც ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა პრესკონფერენციაზე განაცხადა, სამიტი იყო ლიდერებისთვის, რათა დაედასტურებინათ, რომ დასავლეთ ბალკანეთის ბედი ევროკავშირშია.
„ეს იყო შესაძლებლობა, დიდი პოლიტიკური ძალით დაგვედასტურებინა, რომ დასავლეთ ბალკანეთის ადგილი ევროკავშირშია. ეს არის ევროკავშირის წევრობის პერსპექტივის ხელახალი დადასტურება დასავლეთ ბალკანეთის ექვსი ქვეყნისთვის. ჩვენ ასევე გვინდა, რომ გავაძლიეროთ თანამშრომლობა ყველა სფეროში და ეს არის ეტაპობრივი ინტეგრაციის კონცეფციის მიზანი, რომლის განხილვაც შევძელით ჩვენს კოლეგებთან, ჩვენს პარტნიორებთან დასავლეთ ბალკანეთში, რათა მთელი რეგიონი დავაახლოოთ. ჩვენ გვსურს, ვიმუშაოთ ამ ლიდერებთან, რათა დავრწმუნდეთ, რომ იქნება უფრო მეტი თანასწორობა. რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის შემდეგ ჩვენ ძალიან რთული გამოწვევების წინაშე ვართ, ამიტომ არის ასე მნიშვნელოვანი ერთი ხმით საუბარი, ერთი და იმავე მიმართულებით მოქმედება. ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რათა დავიცვათ ჩვენი საერთო ღირებულებები, დავიცვათ ჩვენი ინტერესები. ეს არის კიდევ ერთი სფერო, სადაც გვინდა, რომ გავაძლიეროთ თანამშრომლობა. გვინდა, ვითანამშრომლოთ დეზინფორმაციის წინააღმდეგ. ასევე, გვინდა, მეტი თანამშრომლობა მიგრაციის სფეროში. დღევანდელი გზავნილი, რომელიც ამ შეხვედრიდან იქნება, არის საკმაოდ პოზიტიური, რადგან ჩვენ ვგრძნობთ, რომ არსებობს ბევრად უფრო ძლიერი საერთო სურვილი, ვიდრე ეს რამდენიმე წლის ან რამდენიმე თვის წინ იყო. ეს არ ნიშნავს, რომ სურვილი ავტომატურად წყვეტს სირთულეებს, დაბრკოლებებსა და შეზღუდვებს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში, არსებობს სურვილი, დაჩქარდეს, გაიზარდოს ძალისხმევა, რათა ეს სირთულეები საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან შესაბამისობაში გადაწყდეს“, – განაცხადა შარლ მიშელმა.