შარლ ლეკლერმა კარიერა, შესაძლოა, „მერსედესში“ გააგრძელოს #1TVSPORT
შარლ ლეკლერმა კარიერა, შესაძლოა, „მერსედესში“ გააგრძელოს #1TVSPORT

იტალიელი ჟურნალისტის, ლეო ტურინის ინფორმაციით, შესაძლოა, „ფერარის“ მონეგასკმა პილოტმა, შარლ ლეკლერმა იტალიურ გუნდთან ახალი კონტრაქტი აღარ გააფორმოს და კარიერა გერმანულ „მერსედესში“ გააგრძელოს.

ლეკლერის კონტრაქტი „ფერარისთან“ 2024 წლის ბოლოს იწურება და ჯერ ახალი ხელშეკრულების დადებაზე საუბარი არც კი დაწყებულა. ამავდროულად, ბუნდოვანია ლუის ჰემილტონის მომავალი „მერსედესში“, მის კონტრაქტს ვადა 2023 წლის ბოლოს გასდის. ამ ეტაპზე გუნდი ბრიტანელს შესაბამის ტექნიკას ვერ აძლევს და მსოფლიოს შვიდგზის ჩემპიონი ტიტულის მოსაგებად ვერ იბრძვის, მისი მიზანი კი მერვედ მსოფლიო ჩემპიონის წოდების მოპოვებას უკავშირდება, რაც სარეკორდო იქნება.

ტურინის ცნობით, ფორმულა 1-ის კულისებში უკვე ყველამ იცის „მერსედესის“ ინტერესი, ლუის ჰემილტონი შარლ ლეკლერით ჩაანაცვლოს და ჯორჯ რასელს შეუწყვილოს. თავად ლეკლერი „ფერარის“ გუნდის მუშაობით უკმაყოფილოა, რადგან იტალიელები „რედ ბულთან“ მიახლოვებას ვერ ახერხებენ.

ფორმულა 1-ის მიმდინარე ჩემპიონატში, „ფერარის“ უამრავი პრობლემის ფონზე, შარლს მხოლოდ ექვსი ქულა აქვს და მისთვის პოდიუმიც კი ჯერ მიუწვდომელია.