შარლ ბოდლერის წერილი, რომელშიც ის თავის მოკვლის სურვილის შესახებ წერს, აუქციონზე 234 ათას ევროდ გაიყიდა
ფრანგი პოეტის, შარლ ბოდლერის წერილი, რომელშიც ის თავის მოკვლის სურვილის შესახებ წერს, აუქციონზე 234 ათას ევროდ გაიყიდა.
როგორც BBC იუწყება, ეს მოსალოდნელზე სამჯერ დიდი თანხაა.
წერილი 1845 წლის 30 ივნისით თარიღდება. პოეტი თავის საყვარელ ქალს, ჟანა დიუვალს წერს.
„როდესაც მიიღებ ამ წერილს, მე გარდაცვლილი ვიქნები… მე თავს ვიკლავ, რადგან ცხოვრების გაგრძელება აღარ შემიძლია“, – ნათქვამია ბოდლერის წერილში.
შარლ ბოდლერმა მართლაც სცადა თვითმკვლელობა და და თვითდაზიანება მიიყენა, თუმცა ჭრილობა სასიკვდილო არ აღმოჩნდა. ამის შემდეგ მწერალმა კიდევ 22 წელი იცოცხლა და ყველაზე ცნობილი ნაწარმოებები შექმნა, მათ შორის კრებული „ბოროტების ყვავილები“.
შარლ ბოდლერი 1867 წელს სავარაუდოდ, სიფილისით გარდაიცვალა.