შანსი ქართველი ბავშვებისთვის - ონლაინ ვარჯიში „პორტუსთან“ ერთად
შანსი ქართველი ბავშვებისთვის - ონლაინ ვარჯიში „პორტუსთან“ ერთად

საქართველოს პირველ არხს ახალგაზრდა სპეციალისტი გიორგი გაბუნია დაუკავშირდა, რომელიც „პორტუში“ მუშაობს და საინტერესო ამბავი გვითხრა, რომლითაც მომავალი ფეხბურთელები უდავოდ დაინტერესდებიან – მათ ამ პორტუგალიურ გრანდში მოხვედრის შანსი გაუჩნდათ.

„მინდა მოგაწოდოთ ინფორმაცია, რომელიც, ქართველი ფეხბურთელებისთვის საინტერესო იქნება. ამჟამად პორტუგალიაში ვცხოვრობ და საფეხბურთო კლუბ „პორტუში“ ვმუშაობ. ჩვენმა კლუბმა დაიწყო ონლაინ-ვარჯიშების პროგრამა, რომელიც ქართველი ახალგაზრდებისთვისაც არის ხელმისაწვდომი. 7-დან 17 წლის ჩათვლით ბიჭებს და გოგონებს საშუალება აქვთ მონაწილეობა მიიღონ ონლაინ-ვარჯიშებში, რომელიც კლუბის უნიკალური მეთოდოლოგიით და ფილოსოფიით წარიმართება და „პორტუს“ პროფესიონალი მწვრთნელები უხელმძღვანელებენ“, – აცხადებს ახალგაზრდა მწვრთნელი.

მან იმ პერსპექტივაზე ილაპარაკა, რომელიც ამ პროცესებში ჩართვის შემდეგ შეიძლება გამოჩნდეს:

„ვარჯიშებს მუდმივად აკვირდებიან „პორტუს“ სკაუტები, რომლებიც ნიჭიერ, გამორჩეულ ახალგაზრდებს შეარჩვენ და როგორც კი საერთაშორისო მიმოსვლა ჩვეულ რეჟიმს დაუბრუნდება, შერჩეულ კანდიდატებს „პორტუში“ მოიწვევენ და მისცემენ საშუალებას ადგილზე გაეცნონ კლუბის აკადემიას, ივარჯიშონ პორტუგალიელ თანატოლებთან ერთად“.

სრული ინფორმაცია „პორტუს“ ონლაინ-ვარჯიშების შესახებ შეგიძლიათ იხილოთ ამ ბმულზე: fcporto.pt