შანხაის მასტერსის ფინალში ჯოკოვიჩი და ჩორიჩი ითამაშებენ
შანხაის მასტერსის ფინალში ჯოკოვიჩი და ჩორიჩი ითამაშებენ

ჩინეთში მიმდინარე საჩოგბურთო ტურნირზე დღეს ფინალური მატჩი გაიმართება, რომელშიც ერთმანეთს ლაივ-რეიტინგში მსოფლიოს მეორე ჩოგანი, სერბი ნოვაკ ჯოკოვიჩი და 21 წლის ხორვატი, ბორნა ჩორიჩი დაუპირისპირდებიან.

ფინალამდე ორივე ჩოგბურთელმა დამაჯერებელი თამაშით გამოიჩინა თავი. ნოვაკი სეტის წაუგებლად გავიდა ფინალში და დღეს ახალგაზრდა ხორვატის დამარცხებას შეეცდება. სერბს, ამ და კიდევ 2018 წლის დარჩენილ ტურნირებზე კარგად გამოსვლის შემთხვევაში, დიდი შანსი აქვს, ეს წელი მსოფლიოს პირველ მოთამაშედ დაასრულოს. ჯოკოვიჩის მსგავსად ჩორიჩმაც დამაჯერებლად ითამაშა ამ ტურნირზე, ფინალამდე მსოფლიოს მეოთხე და მეორე ჩოგბურთელები დაამარცხა და მხოლოდ ერთი სეტი დათმო – პირველ წრეში სტენ ვავრინკასთან.

ახალგაზრდა ხორვატმა მერვედფინალში არგენტინელი დელ პოტრო დაამარცხა, ხოლო ნახევარფინალში ჩოგბურთის ლეგენდას – როჯერ ფედერერს მოუგო ანგარიშით 6:4 6:4.

ხორვატმა ამ წარმატებით ლაივ-რეიტინგში 19 ადგილიდან 13-ზე გადაინაცვლა, რაც ოცეულში მოთამაშე ჩოგბურთელისთვის ძალიან დიდი ნახტომია. აქამდე სერბი და ხორვატი ორჯერ შეხვედრიან ერთმანეთს და ანგარიში 2:0-ია ჯოკოვიჩის სასარგებლოდ.

მატჩი თბილისის დროით 12.30 საათზე გაიმართება.