შალვა შავგულიძე - სასამართლოს რადიკალური რეფორმის დამუშავებული კონცეფცია გვაქვს
შალვა შავგულიძე - სასამართლოს რადიკალური რეფორმის დამუშავებული კონცეფცია გვაქვს

იგივე საქმიანობის გაგრძელებას ვაპირებ, რასაც წლების განმავლობაში ვემსახურებოდი, – ამის შესახებ მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.

„მოგეხსენებათ, პროფესიით იურისტი გახლავართ და ძალიან კარგად ვიცი სამართლის ფასი, მისი ძალა საზოგადოებისა და სახელმწიფოს შეკავშირებისთვის, მისი განვითარებისთვის. ასევე, კარგად ვიცი, როგორი დამანგრეველია ხელისუფლების უსამართლობა საზოგადოებისა და სახელმწიფოსათვის. სწორედ სამართლის უზენაესობისთვის ვიბრძოდი, როდესაც ადვოკატი ვიყავი და ვახორციელებდი კონკრეტულ საქმეებზე ადამიანთა დაცვას. ძირითადად, მიწევდა დაცვა სახელმწიფოს ძალადობისაგან, რადგან ძალიან ბევრი იყო ასეთი შემთხვევები. სამწუხაროდ, ეს ვითარება არ შეიცვალა და სწორედ ამ მიზნით მოვედი პოლიტიკაში, რომ უფრო ეფექტურად შემძლებოდა ამ მიზნის განხორციელება“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მისი თქმით, სწორედ ამ დაპირებით მოვიდა პოლიტიკაში „ქართული ოცნების“ შემადგენლობაში, მაგრამ სამწუხაროდ, „ქართულმა ოცნებამ“ შემდეგ, ამ დანაპირებს უღალატა და სამართალწარმოების სფერო საკუთარი მოხმარების ობიექტად აქცია.

„სწორედ ამიტომ, მე მომიწია ოპოზიციაში გასვლა, გაიყარა ჩემი და „ქართული ოცნების“ გზები და იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ ახლაც. იგივე სახელმწიფოს უსამართლობამ გამოიყვანა ქუჩაში ხალხი – არის პროტესტი, არის გაუბედურებული ოჯახები და ადამიანები, რომლებიც სამართალს ვერ პოულობენ“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, მიიჩნევს თუ არა ის, რომ ახალ პოლიტიკურ პარტნიორებთან ერთად სამართლიანობის უკეთ რეალიზაციას შეძლებს, შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ ეს ასეა.

„ჩვენ გვაქვს კონკრეტული ხედვა. ეს არ არის რაღაც ზოგადი საუბარი. გვაქვს დამუშავებული კონცეფცია სასამართლოს რადიკალური რეფორმის, რომლის პრეზენტაციაც გვქონდა“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

როგორც შავგულიძემ აღნიშნა, პრიორიტეტული ეს საკითხი იქნება, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ მთაწმინდელთა კონკრეტულ საჭიროებებზე, ყოფით საკითხებზე არ იზრუნებს.