შალვა შავგულიძე - დარწმუნებული ვარ, „ევროპული საქართველო“ დღეს აბსოლუტურად სწორ პოზიციებზე დგას და ამიტომ ვარ მათი პარტნიორი
შალვა შავგულიძე - დარწმუნებული ვარ, „ევროპული საქართველო“ დღეს აბსოლუტურად სწორ პოზიციებზე დგას და ამიტომ ვარ მათი პარტნიორი

დარწმუნებული ვარ, „ევროპული საქართველო“ დღეს აბსოლუტურად სწორ პოზიციებზე დგას და სწორედ ამიტომ ვარ მათი პარტნიორი, – განაცხადა მთაწმინდის მაჟორიტარულ ოლქში ბლოკ „ევროპული საქართველო – თავისუფალი დემოკრატების“ კანდიდატმა, შალვა შავგულიძემ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას.

„დღეს აბსოლუტურად სწორ პოზიციებზე დგას ზუსტად ბოკერია, ელენე ხოშტარია, რატიანი, სხვები და სხვები“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

გადაცემაში სტუმრად მყოფი კობა დავითაშვილის შეკითხვაზე, რატომ აპირებს ის მურუსიძესთან და გვრიტიშვილთან ბრძოლას ბოკერიასთან და საკააშვილთან ერთად და როგორ შეიძლება მურუსიძესთან ბრძოლა იმ ადამიანებთან ერთად, ვინც მურუსიძე შექმნა, შალვა შავგულიძემ განაცხადა, რომ როცა სამართლის სფეროში ცუდს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლება ჩადიოდა, ის მას უპირისპირდებოდა, დღეს კი, როცა ცუდს და უარესს „ქართული ოცნება“ ჩადის, „ქართულ ოცნებას“ უპირისპირდება.

„მარტო ვერც მე და ვერც ჩემი პოლიტიკური ძალა ვიბრძოლებთ სამართლიანი სასამართლოსთვის. ვერ მოვერევით დღევანდელ ხელისუფლებას, რომელსაც ამხელა სახელმწიფო მანქანა სწორედ იმაზე აქვს მომართული, რომ სასამართლო პირადი ინტერესების სამსახურში გამოიყენოს. ვეძებ პარტნიორს. პოლიტიკოსი ვერ შემოიფარგლება მხოლოდ კეთილი სურვილებისა და კარგი იდეების ქონით. პოლიტიკოსმა ამ კარგი იდეების განსახორციელებლად გზები უნდა ეძებო. ეძებ პარტნიორს და ეს პარტნიორი რომ იპოვო, თანხვედრა უნდა გქონდეს ძირითად, სტრატეგიულ მიმართულებებში“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

მისი თქმით, როგორც „თავისუფალი დემოკრატებისთვის“, ისე პირადად მისთვის, ეს ძირითადი მიმართულება საქართველოს მყარი ევროატლანტიკური ინტეგრაციაა.

„ჩვენ ასევე ერთი ხედვა გვაქვს სხვა საკითხებთან დაკავშირებითაც. ჩვენთვის მიუღებელია ავტოკრატიული მმართველობა, სამართლის უზენაესობა ერთნაირად გვესმის, რომ აუცილებელია და ა.შ. აქედან გამომდინარე, მხოლოდ იმიტომ, რომ ამ პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები იყვნენ წინა ხელისუფლებაში, რომელიც ცუდს ჩადიოდა, დღეს რომ არ გავუერთიანო ძალისხმევა ამ პოლიტიკურ ძალას, რომელთან ერთადაც ერთნაირი ხედვა მაქვს ქვეყნის სტრატეგიულ მომავალზე, რამდენად პასუხისმგებლიანი ვიქნები. ოღონდ „ქართულმა ოცნებამ“ რაღაც ცუდთან ერთად გაერთიანება არ დამაბრალოს და დავუშვა ის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ სასამართლო ისევე მოიხმაროს, როგორც ამას თავისი ინტერესებისთვის წინა წელისუფლება იყენებდა?“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.

როგორც შავგულიძემ აღნიშნა, პასუხისმგებლიანმა პოლიტიკურმა ძალებმა ქვეყნის მომავალზე უნდა იფიქრონ.

„სადაც დანაშაული და კანონის დარღვევა იყო, იმათ პასუხი უნდა აგონ, მაგრამ ერთმანეთი მტრად არ უნდა გამოვაცხადოთ“, – განაცხადა შალვა შავგულიძემ.