შალვა პაპუაშვილი - სენატორების წუხილი გასაგებია, ოფიციალურ ვაშინგტონთან გვაქვს კომუნიკაცია, უცხოეთიდან სხვა სურათი ჩანს, ვიდრე დეტალები, რასაც ჩვენ ვხედავთ
შალვა პაპუაშვილი - სენატორების წუხილი გასაგებია, ოფიციალურ ვაშინგტონთან გვაქვს კომუნიკაცია, უცხოეთიდან სხვა სურათი ჩანს, ვიდრე დეტალები, რასაც ჩვენ ვხედავთ

გასაგებია სენატორებისა და კონგრესმენების დამოკიდებულება და წუხილი, ოფიციალურ ვაშინგტონთან კომუნიკაცია გვაქვს ამ თვალსაზრისით; სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადება ვნახეთ, რომელიც ჩვენს ოპონენტებს მოუწოდებენ, თავი შეიკავონ პროვოკაციებისგან, ყველას მოგვიწოდებენ, კონსტრუქციულები ვიყოთ, – განაცხადა თემის კომენტირებისას დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა.

„სურათი, როცა პარტიის თავმჯდომარეს ციხეში წასვლა უწევს, უცხოეთიდან კარგად არ ჩანს. რთულია იმის წარმოდგენა, რომ დააკავეს ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე, რომელმაც არჩევნებში რიგით მეორე შედეგი აჩვენა, რთულია ამის დანახვა. რთულია იმის წარმოდგენა, რომ ასე უხეშად, გამომწვევად შეიძლება, არღვევდეს კანონს პარტიის თავმჯდომარე, მაგრამ თავად ნიკა მელიაც ხომ აღიარებდა, რომ დემონსტრაციულად არღვევდა კანონს, მისი მხარდამჭერებიც ხომ აგულიანებდნენ მას ამისკენ.

ამიტომ უცხოეთიდან უფრო დიდი სურათი ჩანს, ვიდრე ეს დეტალები, რასაც ჩვენ ყველა ვხედავთ, აღვიქვამთ. გვაქვს ჩვენი თვალები, ყურები და ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ვფიქრობ, არ არსებობს სხვადასხვა აზრი, როცა ადამიანი თავად ამბობს, რომ არღვევს კანონს; შეუთანხმებლობა იმაზე, დაარღვია თუ არა კანონი, არ არსებობს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ ამას შევხედოთ არა იმ შეფუთვით, როგორც ცდილობენ წარმოგვაჩინონ, რომ სასამართლოს ოპონენტები არ ენდობიან და აქედან გამომდინარე, თავად ეს გადაწყვეტილება აპრიორი უსამართლოა. რაც შეეხება ჩვენს ყურებს და თვალებს, ჩვენი ყურებით ხომ გვესმოდა, რომ დემონსტრაციულად არღვევენ კანონს. ჩვენი თვალებით ხომ ვხედავდით, რომ შეკეტილი იყვნენ პარტიის ოფისში, მისული იყო მანამდეც პოლიცია და სასამართლოს გადაწყვეტილების ჩაბარება სურდათ. ესეც ხომ დავინახეთ, გუშინაც როცა მივიდნენ, ნახევარი საათი დრო მისცეს. ამიტომ ჩვენს ყურებს, ჩვენს თვალებს ვენდოთ, რა არის დეტალები, შევთანხმდეთ და ეს არის ის, რომ კანონი დაირღვა დემონსტრაციულად, დაირღვა იმისთვის, რომ ამას ჰქონოდა რეაქცია და გამოეწვიათ ის სურათი, რაც ჩვენს ქვეყანას კარგ სურათში შეიძლება არ წარმოადგენს, მაგრამ მთავარია, შევთანხმდეთ მარტივ ჭეშმარიტებებზე და სიმართლეებზე“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.