შალვა პაპუაშვილი - საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების ხელახლა არჩევის საკითხი შალვა შავგულიძემ წამოაყენა, რაც 19 აპრილის შეთანხმებაში არ წერია და ეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც განუმარტეს
შალვა პაპუაშვილი - საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების ხელახლა არჩევის საკითხი შალვა შავგულიძემ წამოაყენა, რაც 19 აპრილის შეთანხმებაში არ წერია და ეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც განუმარტეს

საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების ხელახლა არჩევის საკითხი შალვა შავგულიძემ წამოაყენა, რაც 19 აპრილის შეთანხმებაში არ წერია და ეს ოპოზიციის წარმომადგენლებმაც განუმარტეს, – აცხადებს „ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილი.

პაპუაშვილი ყველას მოუწოდებს, დოკუმენტი კეთილსინდისიერად წაიკითხონ.

„საარჩევნო ადმინისტრაციის წევრების ხელახლა არჩევის საკითხი სამივე შეხვედრაზე შალვა შავგულიძემ წამოაყენა და იმას თქმაც კი არ სჭირდება, რომ ეს 19 აპრილის შეთანხმებაში ასახული არ არის. მან სცადა, ეთქვა, თითქოს ეს გამომდინარეობს შეთანხმების სულისკვეთებიდან, რაც არის აბსოლუტური სიცრუე. მას ოპოზიციის წარმომადგენლებმაც განუმარტეს, რომ ეს არ ყოფილა შეთანხმების ნაწილი და ყველამ დოკუმენტს ხელი მოვაწერეთ იმ შინაარსით, რომელიც არის. ამნისტიის მსგავსად, ზოგიერთი პოლიტიკოსი ცდილობს, დოკუმენტიდან ისეთი რაღაცები ამოიკითხონ, რაც არ არის კარგი.

ყველას მოვუწოდებ, დოკუმენტი კეთილსინდისიერად წაიკითხოს. საბოლოო ჯამში, მივიღეთ ტექსტი, რომელიც მნიშვნელოვნად ცდება 19 აპრილის შეთანხმებას, არის უფრო მეტი, ვიდრე შეთანხმება. დოკუმენტი ტექნიკურად დაიხვეწება, გადაითარგმნება და ვენეციის კომისიაში გადაიგზავნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.