შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის შეწყალების არანაირი მოლოდინი არ არსებობს
შალვა პაპუაშვილი - სააკაშვილის შეწყალების არანაირი მოლოდინი არ არსებობს

„ქართული ოცნების“ დეპუტატი შალვა პაპუაშვილის აცხადებს, რომ არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი იხდიდა ან დღესაც იხდის სასჯელს, მიხეილ სააკაშვილი პირველი არ იქნება.

„მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოს სამი ინსტანციის სასამართლომ უკვე ორ საქმეზე გამოიტანა განაჩენი, კერძოდ, სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე მას მისჯილი აქვს სამი წელი, ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე – ექვსი წელი. გარდა ამისა, ორი საქმე, 8 000 000 ლარის გაფლანგვისა და ე.წ. „ტელეიმედის“ საქმე არის განხილვის პროცესში. მე იმედი მაქვს, რომ ამ ქვეყანაში არ არის მოსახლეობის თუ პოლიტიკოსების ჯგუფი, რომელსაც ექნებათ კითხვის ნიშანი იმასთან დაკავშირებით, სანდრო გირგვლიანისა და ვალერი გელაშვილის საქმეზე გამოტანილი განაჩენები უნდა აღსრულდეს თუ არა ისე, როგორც ეს იქნა გამოტანილი. ეს განაჩენები ეყრდნობა არა მხოლოდ საქართველოს მართლმსაჯულების გადაწყვეტილებებს, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელშიც პირდაპირ არის მითითებული სააკაშვილის ბრალეულობაზე ამ საქმეში და რაც მთავარია, ეს განაჩენები ეყრდნობა საქართველოს მოსახლეობის სამართლიანობის განწყობასაც“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ამასთან, შეკითხვაზე, ხომ არ განმეორდება ნიკა მელიას დაკავების შემდეგ არსებული სცენარი, პაპუაშვილმა აღნიშნა: „მე არ მგონია, რომ რომელიმე ჩვენი საერთაშორისო პარტნიორს ექნება სურვილი, ჩაერიოს მკვლელობისა და ცემის საქმეში ბრალდებული და სასჯელმისჯილი ადამიანის საპატიმროდან დახსნის საკითხში“.

ამასთან, შესაბამისი შეკითხვის პასუხად პაპუაშვილმა განაცხადა, რომ „სააკაშვილის შეწყალების არანაირი მოლოდინი არ არსებობს. რაც შეეხება ახალ საქმეებს, რა საჭიროება ახალი საქმეების, როდესაც ორ საქმეზე მიმდინარეობს სასამართლო განხილვა და ჯერ არ არის განაჩენები დამდგარი. რაიმე შეკითხვები იმაზე, თუ რა პროცედურა მოყვება მიხეილ სააკაშვილის გამოჩენას საქართველოს იურისდიქციის ფარგლებში, მგონი ზედმეტია. არაერთი ყოფილი მაღალჩინოსანი იხდიდა ან დღესაც იხდის სასჯელს. ასე რომ, მიხეილ სააკაშვილი პირველი არ იქნება“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.