შალვა პაპუაშვილი - ოპონენტებს ვთავაზობთ, დაგვანახონ, რეალურად აინტერესებთ თუ არა საარჩევნო საკითხები ამ ქვეყანაში
შალვა პაპუაშვილი - ოპონენტებს ვთავაზობთ, დაგვანახონ, რეალურად აინტერესებთ თუ არა საარჩევნო საკითხები ამ ქვეყანაში

ოპონენტებს ვთავაზობთ, რომ დაგვანახონ, რეალურად აინტერესებთ თუ არა საარჩევნო საკითხები ამ ქვეყანაში, არჩევნების შედეგებზე აისახა თუ არა ჩვენი ამომრჩევლის ნება, – აცხადებს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი შალვა პაპუაშვილი.

მისი თქმით, ოპოზიციას რაიმე საკითხში ეჭვი თუ ეპარება, სთავაზობენ, მიიღონ მონაწილეობა საგამოძიებო კომისიის მუშაობაში.

„თავად ნახონ, ჰქონდა თუ არ არა რაიმე ისეთ დარღვევას ადგილი, რომელმაც გავლენა იქონია ამ არჩევნების შედეგებზე. ჩვენ ასევე ვთავაზობთ, მომავლის ხედვასაც – არის ხარვეზები, რომელიც დავინახეთ, მათ შორის გამომდინარე იქიდან, რომ ბევრი ქაღალდი და ფურცელი ტრიალებს არჩევნების დროს. როდესაც ფურცელთან გვაქვს საქმე და ადამიანურ მომენტთან, არის ხარვეზები. სწორედ ამის გამოსარიცხად ვთავაზობთ, რომ შემოვიტანოთ ელექტრონული ტექნოლოგიები საარჩევნო პროცესში.

ამ ტექნოლოგიები შემოღებით, ფაქტობრივად არჩევნების დასრულებისთანავე, რამდენიმე წუთში გვეცოდინება შედეგები და აღარ დასჭირდება ამას ბიულეტენების საათობით თვლა. ამ ტექნოლოგიების მეშვეობით, ჩვენ მთლიანად გამოვრიცხავთ, რომ იყოს ე.წ. დაუბალანსებელი ოქმები, ვინაიდან ეს კომპიუტერულად დაითვლება და იქ არითმეტიკული შეცდომები უკვე გამორიცხული იქნება და სხვა ბევრი ასეთი მომენტი, რომელსაც თანამედროვე ტექნოლოგიები გვაძლევს საშუალებას, რომ ეს ხარვეზები აღმოვფხვრათ.

ასე რომ, ჩვენი შეთავაზება არის, რომ დაგვანახონ, ნამდვილად აინტერესებთ თუ არა არჩევნების საკითხები, არა სიტყვებით და ყოველგვარი არგუმენტის გარეშე, უბრალოდ ბრალდებების წარდგენით, არამედ ფაქტებით თავად ნახონ, გახსნან, დათვალონ და მეორე მომავლის ხედვა – როგორი უნდა იყოს არჩევნები ამ ქვეყანაში ისეთი, რომ აღარასდროს არავის არც კი ქონდეს იმის არათუ საფუძველი, არამედ გარკვეული უფლებაც კი, კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენოს, ელექტრონული ტექნოლოგიები იძლევა ნდობის გაზრდის შესაძლებლობას“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

„ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, თვითმმართველობის არჩევნებისთვის დაგეგმილია ხმის მისაცემი აპარატებისა და თითის ანაბეჭდით ამომრჩეველთა რეგისტრაციისთვის განკუთვნილი ტექნიკის შეძენა, რაც გამორიცხავს როგორც  ყოველგვარ მანიპულაციას, ისე ადამიანურ შეცდომას არჩევნების შედეგების დათვლისას. კობახიძემ ასევე აღნიშნა, რომ არჩევნებთან დაკავშირებით საგამოძიებო კომისია შეიქმნება თებერვლის პირველივე კვირაში და კიდევ ერთხელ შესთავაზა ოპოზიციურ პარტიებს, ჩაერთონ საპარლამენტო მუშაობაში, საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის საქმიანობაში.