შალვა პაპუაშვილი ნატო-ს შტაბბინაში შეხვედრებს გამართავს
შალვა პაპუაშვილი ნატო-ს შტაბბინაში შეხვედრებს გამართავს

საქართველოს პარლამენტის ახალარჩეული თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი პირველი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში, ნატო-ს შტაბბინაში შეხვედრებს გამართავს. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.

საპარლამენტო დელეგაცია, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის ხელმძღვანელობით, ნატო-საქართველოს კომისიის (NGC) შეხვედრაში მიიღებს მონაწილეობას.

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის,  ნიკოლოზ სამხარაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დროში ეს ვიზიტი დაემთხვა საკმაოდ გართულებულ ვითარებას რეგიონში და ასევე, მოლაპარაკებებს ნატო-სა და რუსეთს შორის.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მივიღოთ პირველწყაროსგან ინფორმაცია იმაზე, თუ როგორ მიმდინარეობს ეს მოლაპარაკებები, რამდენად მტკიცეა ნატო საქართველოს მხარდაჭერაში. ჩვენ გვსურს ვისაუბროთ სამომავლო პერსპექტივებზე, შესაძლო განვითარების სცენარებზე და იმ ნაბიჯებზეც, რომელიც როგორც ჩვენ, ასევე ნატო-მ უნდა გადადგას იმისათვის, რომ საქართველოს გაწევრიანება ნატო-ში დაჩქარდეს. ეს არის კრიტიკულად მნიშვნელოვანი, იმიტომ, რომ დღეს უკვე ყველა ხვდება – ევროპის უსაფრთხოება საქართველოსა და უკრაინის უსაფრთხოებაზე გადის და ამიტომ აქ დაყოვნება და დათმობები მიუღებელია“, – განაცხადა ნიკოლოზ სამხარაძემ.

დელეგაციის შემადგენლობაში, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს, საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი ბერაია, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე ნიკოლოზ სამხარაძე და საგარეო საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე – ლაშა დარსალია შედიან.