შალვა პაპუაშვილი - იმედია, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ხმას ამოიღებენ ძალები, რომელთაც ნაკლები რადიკალიზაცია სურთ
შალვა პაპუაშვილი - იმედია, „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ხმას ამოიღებენ ძალები, რომელთაც ნაკლები რადიკალიზაცია სურთ

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, დეპუტატი შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციაში არიან პარტიები, რომლებსაც ნაკლები რადიკალიზაცია უნდათ და იმედს გამოთქვამს, ისინი გრიგოლ ვაშაძის მსგავს სითამამეს გამოიჩენენ.

პაპუაშვილმა კომენტარი გააკეთა გრიგოლ ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარეობიდან გადადგომასთან დაკავშირებით.

„თვეზე მეტი გავიდა არჩევნების შემდეგ და რას ვხედავთ – ჩვენი ოპონენტების მხარეს თავმჯდომარე და მთავარი მომლაპარაკებელი ტოვებს პარტიას, სხვა პარტია იშლება, პარტიებს შორის არის უკვე ურთიერთბრალდებები იმასთან დაკავშირებით, რომ ვიღაც ცდილობს, ჩაშალოს ეს მოლაპარაკებები; რას ვხედავთ აქეთ, „ქართული ოცნების“ მხარეს – ჩვენ ვართ მყარად, პარლამენტი შედგა, ვმუშაობთ პროფესიონალურად. ეს მიუთითებს ერთ რამეზე, ჩვენ იმიტომ ვართ მყარად, რომ ჩვენს მხარეს არის სიმართლე. დარწმუნებული ვართ ამ სიმართლეში, ვართ კეთილსინდისიერი ჩვენი მოქალაქეების მიმართ და ამიტომაც რაიმე რყევები ჩვენ მხარეს არ არის“, – აცხადებს შალვა პაპუაშვილი.

მისი თქმით, კომენტარებიდან ცნობილია ის შიდა დუღილი, რაც მიდის იმ პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც მოწადინებული არიან, იფიქრონ სახელმწიფოებრივად და მეორე მხრივ, პოლიტიკურ ძალებს შორის, რომლებიც ცდილობენ, რაც შეიძლება მეტად აამღვრიონ წყალი ქვეყანაში.

„ეს გადაწყვეტილება ამ რიგიდან არის და მიუთითებს იმაზე, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ პარტიის თავმჯდომარე როცა ტოვებს, ეს არ ნიშნავს, რომ ის მხოლოდ ერთი ადამიანია. აქ იგულისხმება, რომ თავმჯდომარეს პარტიაში ჰყავს ხალხი, რომლებიც სავარაუდოდ მის აზრს იზიარებენ. ამიტომ ეს აჩვენებს, რომ თვითონ „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნითაც არიან ადამიანები, რომლებიც მოწადინებული არიან, რადიკალიზაცია იყოს უფრო ნაკლები. ეს მოვისმინეთ, როგორც ძირითადი შენიშვნა, „ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარის მხრიდან. მათ სურთ ნაკლები რადიკალიზაცია, ნაკლები პოლარიზაცია და იმედია, ეს ძალები „ნაციონალური მოძრაობის“ შიგნით ხმას ამოიღებენ, გამოიჩენენ სითამამეს და ასეთ სითამამეს გამოიჩენენ სხვა პარტიებიც, სითამამით მიიღებენ გადაწყვეტილებას. დღეს ისინი ყველანი არიან საქართველოს პარლამენტის წევრები და იმედია, დაიკავებენ თავის სამსახურებრივ ადგილს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

დატოვე კომენტარი