შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო რეფორმას მხარს თუ არ დაუჭერენ, ამით 19 აპრილის შეთანხმებას დაარღვევენ
შალვა პაპუაშვილი აცხადებს, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო რეფორმას მხარს თუ არ დაუჭერენ, ამით 19 აპრილის შეთანხმებას დაარღვევენ

„ქართული ოცნების“ დეპუტატის, შალვა პაპუაშვილის თქმით, ოპოზიციის წარმომადგენლები საარჩევნო ცვლილებებს მხარს თუ არ დაუჭერენ, ამით 19 აპრილის შეთანხმებას დაარღვევენ.

პაპუაშვილის თქმით, პროექტში სრულად არის ასახული 19 აპრილის შეთანხმება.

„ნებისმიერი მცდელობა, განიმარტოს, თითქოს ეს რაიმენაირად არ ეხმიანება 19 აპრილის შეთანხმებას, არის არასწორი და არის მცდელობა, რომ დაიძვრინონ თავი პასუხისმგებლობისგან, რასაც ქვია საკუთარი ხელმოწერისა და საკუთარი სიტყვის შესრულება.

ამ ინტერპარტიულ სამუშაო ჯგუფში რვა პარტია მონაწილეობდა და ვხედავთ, რომ არის საკითხები, რომელზეც ყველა ვართ შეთანხმებული, უბრალოდ, სამწუხაროდ, ზოგიერთ საკითხთან დაკავშირებით განსაკუთრებით „ლელო“ გამოირჩევა იმით, რომ არგუმენტაციის გარეშე აყენებს საკითხს. მაგალითად, ცესკო-ს არსებულ წევრებთან დაკავშირებით. თავად ევროკავშირის ელჩს მოუწია განმარტების გაკეთება, რომ 19 აპრილს შეთანხმებაში ეს არ არის ასახული – წერტილი. მიუხედავად ამისა, დღეს კიდევ ერთხელ კომიტეტის სხდომაზე დააყენეს, თითქოსდა ეს იყო რამე სულისკვეთება 19 აპრილი შეთანხმებით. კიდევ ერთხელ, ცესკო-ს არსებულ წევრებთან დაკავშირებით შეთანხმებაში არაფერია საერთოდ და ეს დაადასტურა თავად ჰარცელმა, ამის წინააღმდეგ კიდევ რაღაცების მტკიცება არასერიოზულია.

იმედი მაქვს, ოპოზიცია მხარს დაუჭერს, ეს არ არის მხოლოდ მხარის დაჭერისა და არდაჭერის საკითხი, ეს არის ვალდებულება, ხელშეკრულებით აღებული, რომელიც 19 აპრილის შეთანხმებაა, იქ ოპოზიციას მხოლოდ ერთი ვალდებულება ჰქონდა პრინციპში, ეს არის პარლამენტში შემოსვლა და ამ რეფორმის მხარდაჭერა. ამიტომ, რა თქმა უნდა, იმ შემთხვევაში, თუ მხარს არ დაუჭერენ, ეს ნიშნავს, რომ შეთანხმებას არღვევენ“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.