შალვა ნათელაშვილი - მოვუწოდებ ალიევის ხელისუფლებას, გონს მოეგოს
შალვა ნათელაშვილი - მოვუწოდებ ალიევის ხელისუფლებას, გონს მოეგოს

მოვუწოდებ ალიევის ხელისუფლებას, გონს მოეგოს, – ამის შესახებ აღნიშნა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრის, ჯეიჰუნ ბაირამოვის განცხადების პასუხად, რომელმაც თქვა, რომ საქართველო-აზერბაიჯანს შორის საზღვრის დელიმიტაციის საკითხთან დაკავშირებით ორ ქვეყანას შორის არსებული შესაბამისი უწყებები და კომისიები მუშაობენ.

შალვა ნათელაშვილის თქმით, კომისიების შეკრება და აზერბაიჯანულ მხარესთან სხვადასხვა საკითხზე მოლაპარაკებები იქამდე არ უნდა შედგეს, ვიდრე აზერბაიჯანი დავით გარეჯის ტერიტორიიდან შეიარაღებულ ძალებს არ გაიყვანს.

„პრეზიდენტ ალიევის ხელისუფლებამ ივანიშვილის პარტიასთან სრული შეთანხმებით მიიტაცა ქართული, ქრისტიანული, მსოფლიო მნიშვნელობის მქონე უდიდესი კომპლექსი დავით გარეჯი, ხოლო გუშინ, ვიზიტით მყოფმა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა მკაცრად გაგვაფრთხილა ყველა, რომ არავითარი განცხადებები ამ თემაზე არ გავაკეთოთ. თავის მხრივ, საქართველოს იმპოტენტმა ხელისუფლებამ გამოაცხადა ახალი რუკების თაობაზე და სადემარკაციო კომისიაში მათი განხილვის შესაძლებლობას. მე მინდა, განვუცხადო ივანიშვილის რეჟიმს, ალიევის ხელისუფლებას არავითარი სადემარკაციო კომისიის მუშაობა არ იქნება განახლებული და გაგრძელებული, ვიდრე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები არ დატოვებენ მიტაცებულ ოკუპირებულ, უკანონოდ დაკავებულ ქართულ ტერიტორიას დავით გარეჯს, ჩიჩხიტურს, აღდგომის ტაძარს და მთელ იმ კომპლექსს, სადაც ვერ შედის ვერც ბერი, ვერც ღვთისმსახური, ვერც ტურისტი. როდესაც აღდგება მდგომარეობა, სტატუს-კვო, კი, ბატონო.

რა თქმა უნდა, მოლაპარაკებები და შეთანხმებები გაგრძელდება, თუმცა მორალი რომ ჰქონდეს ჩვენს ზოგიერთ მეზობელს, არ დააყენებდა ეჭვის ქვეშ იმ გარემოებას, რომ დავით გარეჯი, ქართული მსოფლიო მნიშვნელობის კულტურის ძეგლი, ქრისტიანობის სიმბოლო რეგიონში, მეორე იერუსალიმი ქართულია, ისევე, როგორც ისლამურია მექა და მედინა. მაგრამ რა ვქნათ, როდესაც ქვეყანას არ ყავს პატრონი, არ ყავს ხელისუფალი და დამცველი. რა თქმა უნდა, პუტინი შემოღობავს შიდა ქართლს და რა თქმა უნდა, ალიევსაც გაეხსნება მადა, რაღაც რომ წაგვგლიჯოს. საბოლოო ჯამში, თუ ეს საკითხი არ მოგვარდა, ჩვენ მთლიანად დავაყენებთ უკვე შეთანხმებული სადემარკაციო ზოლის გადახედვის საკითხს, რადგანაც ერთა ლიგის მიერ საქართველოს ტერიტორიად აღიარებული და მიჩნეული საინგილო და ყარაიას ველები ოციან წლებში უკანონოდ გადასცეს ბოლშევიკებმა აზერბაიჯანს; ეს გვახსოვს, არ დაგვიწყებია და ისიც ვიცით, როგორ მოხვდა იქ მოსახლეობის ასიმილაცია, დღესაც, როგორ იდევნება იქ ქართველობის ფენომენი. ამიტომ, მოვუწოდებ ალიევის ხელისუფლებას, გონს მოეგოს. ნუ იფიქრებს, რომ ივანიშვილის მაფიოზური ბიზნესგამყიდველური რეჟიმია საქართველოსა და აზერბაიჯანის ურთიერთობათა მომავალი, ეს რეჟიმში უახლოეს პერიოდში აქ აღარ იქნება და ალიევს მოუწევს ქართველი და აზერბაიჯანელი ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა იმის გამო, რასაც სჩადის, თუნდაც გარეჯის მონასტერზე“, – განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.