შალვა ნათელაშვილი - ჩვენ გვაბრუნებენ ათათურქთან, ლენინთან, შაჰ-აბასთან და ამის თაობაზე აღარავინ საუბრობს, ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნაზე მექნება განხილვები ვაშინგტონში
შალვა ნათელაშვილი - ჩვენ გვაბრუნებენ ათათურქთან, ლენინთან, შაჰ-აბასთან და ამის თაობაზე აღარავინ საუბრობს, ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნაზე მექნება განხილვები ვაშინგტონში

„ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერი შალვა ნათელაშვილი აშშ-ში გაემგზავრა. აეროპორტში მან ჟურნალისტებს განუცხადა, რომ ერთი კვირის განმავლობაში გამართავს აშშ-ის დედაქალაქში შეხვედრებს.

„იწყება ვიზიტი ამერიკის შეერთებულ შტატებში. რამდენიმე საათში ვიქნებით ვაშინგტონში, შეხვედრები მთავარ პოლიტიკურ ცენტრებში გველოდება – წარმომადგენლობითი პალატა, კონგრესი, სენატი, სხვა სტრატეგიული ცენტრები. დღეს საქართველოს მიათრევენ ახალ გეოპოლიტიკურ ალიანსში რუსეთის, ირანის და თურქეთის შემადგენლობით. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვაბრუნებენ ათათურქთან, ლენინთან, შაჰ-აბასთან და ამის თაობაზე არავინ აღარ საუბრობს. აღარც ახალი საპარლამენტო არჩევნების თაობაზე საუბრობს ვინმე, რომლის გარეშეც ხელისუფლების ცვლილებაზე საუბარი არის ზედმეტი ფანტასტიკა. აი, ყველა ამ პრობლემას, რომელიც უკავშირდება ჩვენი ქვეყნის ყოფნა-არყოფნას, პირდაპირ შეიძლება ითქვას, ექნება განხილვისა და დისკუსიის ფართო ხასიათი ვაშინგტონში.

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის მედიაციის პროცესში ძალიან ბევრი იყო ჩართული, როგორც ვაშინგტონიდან, ასევე ბრიუსელიდან და ვფიქრობ, მას შემდეგ, რაც მმართველი პარტია გავიდა ე.წ. შარლ მიშელის ხელშეკრულებიდან, ძალიან ნანობენ, რომ ამ მედიაციით გაიფუჭეს საკუთარი ავტორიტეტი“, – განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას შალვა ნათელაშვილმა.