შალვა გოგოლაძე - შესაძლოა, ფეხბურთის განვითარების ფონდი სპორტის ფონდად გადაკეთდეს
შალვა გოგოლაძე - შესაძლოა, ფეხბურთის განვითარების ფონდი სპორტის ფონდად გადაკეთდეს

ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო ფონდი თავის როლს კარგად ასრულებს. მისი საქმიანობა რომ ეფექტურია, ეს ახლო მომავალში უფრო გამოჩნდება, – ამის შესახებ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე შალვა გოგოლაძემ საქართველოს პირველ არხს განუცხადა.

„ფეხბურთის განვითარების ფონდის ჩამოყალიბების თაობაზე სახელმწიფოს გადაწყვეტილება მნიშვნელოვანი იყო, რადგან ადრე არავინ იცოდა, რომელი გამგეობა რომელ გუნდს და როდის დააფინანსებდა. ეს არასტაბილურ გარემოს ქმნიდა, რაც ფეხბურთის და კლუბის განვითარებას ხელს უშლიდა. ახლა კი ეს თანხები ფეხბურთის განვითარების ფონდშია აკუმულირებული, გუნდები ერთიანი ხედვით ფინანსდებიან, მათ კი ფონდი აკონტროლებს და ახლა გუნდებში სტაბილურობის განცდა გაჩნდა. გარდა ამისა, ფონდი სხვადასხვა პროექტებს აფინანსებს – მათ შორის, მწვრთნელთა განათლებას, ბავშვთა ფეხბურთს, ინფრასტრუქტურულ და მასობრივი ფეხბურთის პროექტებს“,- აცხადებს გოგოლაძე.

შალვა გოგოლაძემ საქართველოს პირველ არხთან საუბარში მნიშვნელოვანი სიახლე გაამხილა.

„ფეხბურთის განვითარების პროგრამა 2021 წელს მთავრდება. ფონდის საქმიანობა, სახელმწიფო სახსრების გამჭირვალობა და კონტროლი აქამდე არსებულ ყველა სხვა მოდელს სჯობია. ამიტომ შესაძლოა, მთავრობაში წარდგენილი იქნას პროექტი, რომ სპორტის სხვა სათამაშო სახეობებშიც იგივე მოდელი განხორციელდეს. უფრო კონკრეტულად კი, ფეხბურთის განვითარების ფონდი ქართული სპორტის განვითარების ფონდად გადაკეთდეს და სპორტის სხვა სათამაშო სახეობების დაფინანსებაც მან წარმართოს“, – აცხადებს შალვა გოგოლაძე.