შალვა გოგოლაძე - 2021 წელს კლუბების სტიმულირება ვეღარ მოხდება
შალვა გოგოლაძე - 2021 წელს კლუბების სტიმულირება ვეღარ მოხდება

ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდიდან გუნდები სტიმულირების თანხებს ვეღარ მიიღებენ – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხთან საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ შალვა გოგოლაძემ განაცხადა.

„ამ ეტაპზე ცნობილია, რომ ფონდს 2021 წელს აღარ ექნება სტიმულირების თანხები. საქმე ისაა, რომ პანდემიის გამო, 2020 წელს ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის ბიუჯეტი შემცირდა და ნაცვლად 37 მილიონისა, 23,600 დაიხარჯა. ამის გამო 2020 წელს პრემიის ნაწილი და სტიმულირების თანხა უნდა გავცეთ 2021 წლის ბიუჯეტიდან, რომელიც 37 მილიონი იქნება. მაგრამ ამის შედეგად, 2021 წელს სტიმულირების თანხა აღარ დარჩება. ამ ეტაპზე ასეთი ვითარებაა“, – ამბობს შალვა გოგოლაძე.

საქართველოში ფეხბურთის განვითარების, სტიმულირებისა და დაფინანსების სისტემატიზაციის მიზნით, 2016 წელს მთავრობამ ფეხბურთში ისედაც დასახარჯი თანხების ცენტრალიზაცია გადაწყვიტა და 2016 წლის 26 თებერვალს დაამტკიცა პროექტი, რომლის მიხედვითაც ყოველ წელს ფეხბურთში 55 მილიონი ლარი დაიხარჯებოდა, ანუ 5 წელიწადში 265,7 მილიონი ლარი. პროექტი 2016-2020 წლებზე იყო გათვლილი.

2017 წლის 1 ივნისს ფეხბურთის დაფინანსების პროგრამაში, მთავრობის დადგენილებით, თანხები 45.6 მილიონ ლარამდე შემცირდა, ანუ 211.1 მლნ ლარამდე, 2020 წელს კი ამ თანხას კიდევ 13 მილიონი დააკლდა.

ფონდის ბიუჯეტის უდიდესი ნაწილი საფეხბურთო კლუბების გადარჩენას და სუბსიდირებას მოხმარდა, ნაწილი კი საფეხბურთო სკოლებზე, ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, სამწვრთნელო განათლების კურსებსა და მასობრივ საფეხბურთო ღონისძიებებაზე გადანაწილდა.

დატოვე კომენტარი