შალკეს ახალი მწვრთნელი დავიდ ვაგნერი იქნება
შალკეს ახალი მწვრთნელი დავიდ ვაგნერი იქნება

ინგლისური ჰადერსფილდის ყოფილი მწვრთელი დავიდ ვაგნერი ფეხბურთში დაბრუნებას ბუნდესლიგის კლუბ შალკეს მწვრთნელად აპირებს. ბი-ბი-სის (BBC) მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ვაგნერი გელზენკირხენელებთან უკვე აწარმოებს მოლაპარაკებას და ამ გუნდში მთავარი მწვრთნელის მოვალეობის შემსრულებელს, ჰუუბ სტევენსს შეცვლის.

შალკეს წელს რთული სეზონი ჰქონდა, თუმცა უკანასკნელ ტურში ტრადიციულ მეტოქე დორტმუნდის ბორუსიასთან სტუმრად მოპოვებული სამი ქულის შემდეგ, გუნდმა სიტუაცია საგრძნობლად გაიუმჯობესა და ამჟამად, სეზონის დასრულებამდე სამი ტურით ადრე, უსაფრთხო მე-15 ადგილზე იმყოფება.

დროებით მწვრთნელად გუნდში ჰუუბ სტევენსი 14 მარტს დაინიშნა, როდესაც ჩემპიონთა ლიგაზე მანჩესტერ სიტისთან 0-7 დამარცხების შემდეგ გუნდიდან დომენიკო ტედესკო წავიდა.

რაც შეეხება დავიდ ვაგნერს, მან გერმანულ ფეხბურთში მუშაობის გამოცდილება დორტმუნდის ბორუსიას მეორე გუნდის გაწვრთნით მიიღო, შემდეგ კი, 2015 წელს, ინგლისური ჰადერსფილდის დამრიგებლად დაინიშნა.

2017 წელს მან ტერიერები პრემიერლიგაში დააწინაურა, 2019 წლის დასაწყისში კი გუნდი დატოვა.