„შახტიორმა“ მოიგო, ქართველებმა გაიტანეს (ვიდეო)
სოლიგორსკის „შახტიორმა“ თურქული შეკრება თურქმენულ „შაგადამთან“ დამაჯერებელი გამარჯვებით დააასრულა – ბელარუსებმა 5:0 მოიგეს, რაშიც დიდი წვლილი ქართველმა ლეგიონერებმა ითამაშეს.
38-ე წუთზე ფლანგური გადაცემის შემდეგ თურქმენული გუნდის კარი მესამედ გეგა დიასამიძემ აიღო, ხოლო 82 – ე წუთზე საბოლოო ანგარიში ლაშა შინდაგორიძემ დააფიქსირა – კუთხურიდან მოწოდებული ბურთი კარში მისი თავური დარტყმის შემდეგ აღმოჩნდა.
შინდაგორიძე „შახტიორში“ 2019 წლის აგვისტოში „საბურთალოდან“ გადავიდა. ასევე, „საბურთალოში“ თამაშობდა დიასამიძეც, რომელიც გუნდს ზამთარში შეუერთდა. ბელარუსული კლუბის სპორტული დირექტორი, ახლო წარსულში, საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი ალეკო რეხვიაშვილია.
ორიოდე დღის წინ, თურქულ შეკრებაზე „შახტიორმა” საკონტროლო შეხვედრა გორის „დილასთან“ ჩაატარა და 0:0 ითამაშა. შეკრებაზე „საბურთალოს“ ყოფილმა ნახევარმცველმა დიასამიძემ ეფექტური გოლი ნიკოპოლის „კოლოსთან“ (2:1) შეხვედრაში გაიტანა, ხოლო რუსეთის პრემიერლიგელ ტულის „არსენალთან“ (3:2) საგოლე გადაცემა გააკეთა.
აღსანიშნავია, რომ სოლიგორსკის „შახტიორიდან” 7 მოთამაშე გამოიძახეს ბელარუსის ნაკრებში, რომელსაც საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის ნახევარფინალში თბილისის „დინამო-არენაზე“ 26 მარტს უმასპინძლებს. ბელარუსები 19 თებერვლიდან შეკრებას არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ატარებენ – 23 თებერვალს უზბეკეთს შეხვდებიან, ხოლო 26 თებერვალს სოფიაში ბულგარეთს ესტუმრებიან.