„შახტარის“ ოფიციალური გვერდი - გოჩოლეიშვილთან ხელშეკრულება 2027 წლამდე გაფორმდა #1TVSPORT
„შახტარის“ ოფიციალური გვერდი - გოჩოლეიშვილთან ხელშეკრულება 2027 წლამდე გაფორმდა #1TVSPORT

დონეცკის „შახტარმაც“ დაადასტურა, რომ „საბურთალოსა“ და საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელთან, გიორგი გოჩოლეიშვილთან ხელშეკრულება გაფორმდა და კონტრაქტის ვადაზეც დაიწერა, რომ ქართველი მცველი უკრაინულ გრანდში 5 წლით ითამაშებს.

„გიორგი გოჩოლეიშვილი „შახტარის“ მოთამაშეა. ქართველ მცველთან ხელშეკრულება, რომელიც ძალაში 2023 წლის 1-ელი იანვრიდან შედის, 5 წელზეა გათვლილი. ქართველი ფეხბურთელი გუნდს იანვარში შეუერთდება. 21 წლის მცველი გიორგი გოჩოლეიშვილი „შახტარში“ ქართული „საბურთალოდან“ გადადის“, – ვკითხულობთ „შახტარის“ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გიორგი გოჩოლეიშვილი საბურთალოს აკადემიის აღზრდილია, რომლის ძირითად გუნდში 2020 წლიდან თამაშობს: ჩაატარა 85 მატჩი, გაიტანა 8 გოლი და 12 საგოლე გადაცემა გააკეთა. წელს მან საქართველოს ჩემპიონატში 30 მატჩი ჩაატარა (4 გოლი და 4 საგოლე პასი), 2 თამაში საქართველოს თასზე და 4 მატჩი უეფა-ს კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპზე. გოჩოლეიშვილის ანგარიშზე 7 მატჩია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში. 2022 წლის 17 ნოემბერს შედგა მისი დებიუტი საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში.