„შახტარის“ დირექტორმა ფიფა-სთან დავაზე ისაუბრა - რუსულ კლუბებთან გაგვათანაბრეს, ლეგიონერები წაგვართვეს და ჯიბიდან მთავარი აქტივი ამოგვაცალეს #1TVSPORT
„შახტარის“ დირექტორმა ფიფა-სთან დავაზე ისაუბრა - რუსულ კლუბებთან გაგვათანაბრეს, ლეგიონერები წაგვართვეს და ჯიბიდან მთავარი აქტივი ამოგვაცალეს #1TVSPORT

დონეცკის „შახტარმა“ ფიფა-სთან დავა წამოიწყო, რომლის მიზანია, ორგანიზაციამ უკრაინული კლუბები რუსულისგან გამიჯნოს და ლეგიონერების უფასოდ წასვლის უფლება გააუქმოს, – ამის შესახებ დონბასელთა გენერალურმა დირექტორმა, სერჰი პალკინმა გუნდის პრესსამსახურთან ისაუბრა.

„ლოზანაში გვქონდა სპორტის საარბიტრაჟო სასამართლოში შეხვედრა – ჩვენი გუნდი თავდაჯერებულად გამოიყურებოდა, მივაწოდეთ ყველა არსებული ინფორმაცია, ყველა მტკიცებულება. რომ ფიფა-მ არასწორი გადაწყვეტილებები მიიღო. შეხვედრაზე ფიფა-ს წარმომადგენლები და მსაჯები იმყოფებოდნენ. ჩემი ერთ-ერთი მთავარი მესიჯი იყო შემდეგი: „როგორ შეიძლება უკრაინის რუსეთის კონტექსტში განხილვა?“ დავინახე, რომ შერცხვათ.

მთელი მსოფლიო მხარს გვიჭერს, მაგრამ ფიფა უკრაინას რუსეთის დონეზე აყენებს და მაინც ერთნაირად გვექცევიან. ფიფა-სთან შეიძლება წავაგოთ ეს დავა, მაგრამ ამ ომს არ წავაგებთ მარტივი მიზეზის გამო – ჩვენ უკან სიმართლეა. რა გააკეთა ფიფა-მ? უკრაინული კლუბების ლეგიონერებს უფასოდ წასვლის უფლება დართო და ამით ჯიბეებიდან მთავარი აქტივი ამოგვაცალა. უცხოელ მოთამაშეებს თავისუფლად შეუძლიათ გააკეთონ ის, რაც უნდათ. მათ ჰყავთ აგენტები, რომლებსაც ესმით, რომ ფულის გამომუშავება შეუძლიათ ფეხბურთელების უფასოდ წაყვანით. უკრაინული კლუბის ნაცვლად კი ევროპული გუნდები თანხებს პირადად აგენტებს უხდიან.

ფიფა ამბობს, რომ ის, უბრალოდ, ფეხბურთელების დაცვას ცდილობდა. თუმცა, მეც ავხსენი, რომ უკვე გვქონდა შეთანხმებები ბევრი მოთამაშის ტრანსფერზე და (ევროპულ) კლუბებთან, ფაქტობრივად, კონტრაქტები გაფორმებული იყო, რაც კლუბს შემოსავალს მისცემდა. ამ ფულის დახარჯვა კი სხვა მოთამაშეების დამატებაში შეგვეძლო. მაშინ ვცდილობდი, ფიფა-სთვის ამეხსნა, რომ უკრაინის ჩემპიონატს ვიწყებდით, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე უნდა გვეთამაშა და რა უნდა გვექნა, თუ გუნდის ნახევარს ფიფა-ს ამ გადაწყვეტილებით წაგვართმევდნენ? სასამართლო დარბაზში იგივე ვკითხე: როგორ ვიარსებოთ? გამოდის, რომ დამატებით ხარჯებზე გვიბიძგებენ – ახალი მოთამაშეების მოწვევაზე, რაც რეალურად გავაკეთეთ.

უკრაინელები დავიბრუნეთ, ფული დავხარჯეთ ტრანსფერებზე, ხელფასზე და ა.შ. ამიტომ არ მესმის ფიფა-ს ასეთი ქმედებები. მათ, უბრალოდ, არ სურდათ ჩვენთან საუბარი – არც ჩვენს ფედერაციასთან, არც უკრაინის პროფლიგასთან და კლუბებთან. იქ ერთმანეთში მოილაპარაკეს და ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს“, – აცხადებს „შახტარის“ გენერალური დირექტორი.