„შახტარი“ ჩემპიონთა ლიგიდან ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს - გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, აზაროვი დაასვენეს #1TVSPORT
„შახტარი“ ჩემპიონთა ლიგიდან ევროპა ლიგაზე გადაინაცვლებს - გოჩოლეიშვილმა შეუცვლელად ითამაშა, აზაროვი დაასვენეს #1TVSPORT

დონეცკის „შახტარი“, სადაც გიორგი გოჩოლეიშვილი და ირაკლი აზაროვი თამაშობენ, ჩემპიონთა ლიგაზე „პორტუს“ დაუპირისპირდა, გადამწყვეტი მატჩი 3:5 წააგო და ტურნირს გამოეთიშა, მაგრამ ევროსეზონს განაგრძობს.

პორტუგალიაში გამართული მეექვსე ტურის მატჩამდე გუნდები თანაბარი ქულებით იყვნენ, მაგრამ დამატებითი მაჩვენებლებით „პორტუ“ მეორე ადგილზე იყო – უკრაინულ გუნდს მხოლოდ მოგება აძლევდა ხელს, მაგრამ მიზანს ვერ მიაღწია.

„შახტარის“ ძირითად შემადგენლობაში მხოლოდ გიორგი გოჩოლეიშვილი იყო და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო ირაკლი აზაროვი სათადარიგოთა შორის დარჩა.

„პორტუ“ სწრაფი გოლით დაწინაურდა – ანგარიში მე-9 წუთზე გალენომ გახსნა. მართალია, სიკანმა (29) წონასწორობა აღადგინა, მაგრამ შესვენებამდე გალენომ (43) მასპინძლები კიდევ ერთხელ დააწინაურა.

მეორე ტაიმშიც უპირატესობას „პორტუ“ ფლობდა და 62-ე წუთზე დუბლის ავტორის, გალენოს გადაცემით ტარემიმ გაუტანა. სიკანმა (73) სხვაობა ისევ შეამცირა, მაგრამ მატჩის გმირის, გალენოს მეორე საგოლე პასით თავი პეპემ (76) გამოიჩინა. 82-ე წუთზე კონსეისაომ გაიტანა, საბოლოო ანგარიში კი დონეცკელების ლეგიონერმა, ეგინალდომ (88) დააფიქსირა.

დონეცკის „შახტარმა“ჯგუფური ეტაპი ცხრა ქულით მესამე ადგილზე დაასრულა და ჩემპიონთა ლიგას გამოეთიშა – შემდეგ ეტაპზე „ბარსელონა“ (12) და „პორტუ“ (12) გავიდნენ. უკრაინული კლუბი კი ევროსეზონს განაგრძობს და გაზაფხულზე ევროპა ლიგის პლეი ოფში ითამაშებს.