სფფ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა - ლეგიონერებზე ლიმიტი გაიზარდა, ლიგა 2-დან ორი გუნდი გავარდება #1TVSPORT
სფფ-ში აღმასკომის სხდომა გაიმართა - ლეგიონერებზე ლიმიტი გაიზარდა, ლიგა 2-დან ორი გუნდი გავარდება #1TVSPORT

ეროვნული ლიგა 2-იდან ლიგა 3-ში ამიერიდან პირდაპირი გზით ორი გუნდი დაქვეითდება ნაცვლად ერთისა – ეს გადაწყვეტილება საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაზე მიიღეს.

სხდომაზე ძირითადი საკითხი საქართველოს ჩემპიონატის ლიგების დებულების დამტკიცება იყო. სფფ-ს აღმასკომის გადაწყვეტილებები ასეთია: 2022 წლის ეროვნული ლიგა 2-ის გათამაშებაში მეცხრე და მეათე ადგილზე გასული გუნდები ავტომატურად დაქვეითდებიან ლიგა 3-ში, ხოლო მეშვიდე და მერვე ადგილზე გასული გუნდები ორმატჩიან პლეიოფში დაუპირისპირდებიან ლიგა 3-ის მესამე და მეოთხე ადგილზე გასულ გუნდებს.

2023 წლის ეროვნული ლიგა 2-ის მონაწილეები ამ ფორმატით გაირკვევა. შესაბამისად, ლიგა 3-ის ორი საუკეთესო კლუბი პირდაპირ მოიპოვებს ეროვნული ლიგა 2-ის საგზურს, ხოლო მესამე-მეოთხე ადგილზე გასული გუნდები ორმატჩიან პლეიოფში ლიგა 2-ის მეშვიდე-მერვე ადგილოსნებს დაუპირისპირდებიან.

ლიგა 3-ის გათამაშებაში მე-14, მე-15 და მე-16 ადგილებზე გასული გუნდები ლიგა 4-ში დაქვეითდებიან. შესაბამისად, ლიგა 4-ში პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასული გუნდები ლიგა 3-ის საგზურს მოიპოვებენ, ხოლო ლიგა 4-ის მე-13, მე-14, მე-15 და მე-16 ადგილებზე გასულები რეგიონულ ლიგაში დაქვეითდებიან.

ახალი სეზონიდან პლეი ოფის მატჩებში სტუმრად გატანილი გოლის წესი გაუქმდა. ასევე მნიშვნელოვანი გადაწყვეტყილება მიიღეს კლუბებისთვის – ამიერიდან ეროვნულ ლიგაში ლეგიონერების ლიმიტი 10 მოთამაშემდე გაიზარდა. ეს მნიშვნელოვანი იმითაა, რომ აქამდე კლუბები ლიმიტის ზემოთ დამატებულ ლეგიონერებზე თანხას იხდიდნენ.

უეფა-ს რეკომენდაციით, მინიმალური ცვლილებები შევიდა ლიცენზირების დებულებაში. სკოლების კატეგორიზაციის ფარგლებში დამტკიცდა მონიტორინგის ჯგუფის შემადგენლობა, რომელიც მუდმივად გაუწევს მონიტორინგს საფეხბურთო სკოლებს.