სფფ-მ კლუბებთან ვიდეოკონფერენცია გამართა - გუნდებს საბაზისო დაფინანსება შეუნარჩუნდებათ
სფფ-მ კლუბებთან ვიდეოკონფერენცია გამართა - გუნდებს საბაზისო დაფინანსება შეუნარჩუნდებათ
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების მონაწილეობით ვიდეოკონფერენცია გაიმართა.
ვიდეოკონფერენციაში მონაწილეობდნენ კრისტალბეთ ეროვნული ლიგისა და კრისტალბეთ ეროვნული ლიგა 2-ის კლუბების ხელმძღვანელები.
შეხვედრას საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელობა და ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის დირექტორი, შალვა გოგოლაძე ესწრებოდნენ. მისი ინფორმაციის თანახმად, ცნობილი გახდა, რომ კლუბებს საბაზისო დაფინანსება სრულად შეუნარჩუნდებათ. ამის შესახებ ვიდეოკონფერენციის დასრულების შემდეგ სფფ-ის გენერალურმა მდივანმა, დავით მუჯირმა ისაუბრა:
„შალვა გოგოლაძემ დაადასტურა, რომ ამ ეტაპზე ყველა კლუბს შეუნარჩუნდება ის საბაზისო დაფინანსება, რომელიც 2020 წლის ბიუჯეტით იყო გათვალისწინებული“, – ამბობს დავით მუჯირი.
დაფინანსების საკითხებთან ერთად, დღევანდელ ვიდეოკონფერენციაზე მხარეებმა ეროვნული ჩემპიონატის განახლების სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს. სფფ-ის გენერალურმა მდივანმა კი კლუბებს 1 აპრილს უეფას ვიდეოკონფერენციის დეტალები გააცნო.
„კლუბებს ასევე მოვახსენეთ იმის შესახებ, რომ აღნიშნულმა სიახლეებმა შესაძლოა ფორმატის ცვლილებაც გამოიწვიოს. მომავალი ევროტურნირების სეზონი უეფამ ერთი თვით გადადო და ის ივლისის მაგივრად აგვისტოში დაიწყება, თუმცა ეს მხოლოდ სავარაუდო სცენარია. აქედან გამომდინარე, დღევანდელ ვიდეოკონფერენციაზე ჩვენ კლუბებს გავაცანით ფეხბურთის ფედერაციის სამოქმედო გეგმა. ეროვნული ჩემპიონატის აღდგენა რამდენიმე ფაქტორზეა დამოკიდებული“, – აცხადებს მუჯირი.
სფფ-ის გენერალური მდივნის თქმით, სეზონის დაგეგმილი ფორმატით ჩატარება შეუძლებელია: „დღევანდელი მოცემულობით შეიძლება ითქვას, რომ უკვე ფიზიკურად შეუძლებელია სეზონის 36 ტურად ჩატარება. ამიტომ, როდესაც ცნობილი გახდება ჩემპიონატის დაწყების სავარაუდო თარიღი, კლუბებთან ერთად, სამუშაო ჯგუფი და ჩვენი საშეჯიბრო განყოფილება მაქსიმალურად შეეცდება, რომ 2020 წლის სეზონის ფორმატი რეალობას მოარგოს“.
მუჯირი აცხადებს, რომ ეს ყველაფერი დამოკიდებულია იმაზე, თუ როდის დაადასტურებს უეფა საევროტურნირო და სანაკრებო კალენდარს: „ამასთან ერთად, რა თქმა უნდა, ჩვენ საშუალება უნდა გვქონდეს, რომ ჩვენი ქვეყნის შიგნით განვაახლოთ ჩემპიონატი. ამ ყველაფრის გათვალისწინებით, რაიმე კონკრეტულ სცენარზე საუბარი ამ ეტაპზე ნაადრევია. მით უმეტეს, რომ გუნდები, რომლებიც საქართველოს მომავალ ევროტურნირებზე წარმოადგენენ, უკვე გამოვლენილი არიან. იმედს ვიტოვებ, უეფას პოზიტიურ გათვლებზე დაფუძნებული სცენარი გამართლდება და ის კიდევ ერთხელ არ შეიცვლება“.
დატოვე კომენტარი