სფფ-ს ახალი მოთხოვნა - ლიგა 2-ში მთავარ მწვრთნელად მხოლოდ უეფა-ს PRO-ლიცენზიანტები იმუშავებენ #1TVSPORT
სფფ-ს ახალი მოთხოვნა - ლიგა 2-ში მთავარ მწვრთნელად მხოლოდ უეფა-ს PRO-ლიცენზიანტები იმუშავებენ #1TVSPORT

2025 წლის სეზონიდან ეროვნული ლიგა 2-ში მონაწილე კლუბების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობის უფლება მხოლოდ უეფა- PRO-ლიცენზიის მქონე სპეციალისტს ექნება – ეს ცნობილი გახდა მწვრთნელთა განათლების PRO ლიცენზიის ახალი კურსის დაწყებისას.

უეფა-ს კურსი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკური დეპარტამენტის ორგანიზებით ტარდება. როგორც სფფ-ის ტექნიკურმა დირექტორმა, ზაზა ზამთარძემ აღნიშნა, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციისთვის მწვრთნელთა განათლების მიმართულების გაძლიერება ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტს წარმოადგენს.

2025 წლის სეზონიდან ეროვნული ლიგა 2-ში მონაწილე კლუბების მთავარი მწვრთნელის პოზიციაზე მუშაობის უფლება მხოლოდ PRO-ლიცენზიის მქონე ფეხბურთის სპეციალისტს რომ ექნება, ეს სფფ-ის აღმასრულებელი კომიტეტის გადაწყვეტილებაა. მიმდინარე კურსი კი, მწვრთნელებს დაეხმარება პროფესიულ საქმიანობაში.

პრო ლიცენზიის კურსი, რომელიც საქართველოში მეოთხედ იმართება, ახალი ფორმატით მიმდინარეობს. უეფა-ს გადაწყვეტილებით, შემცირდა კურსის ხანგრძლივობა და მონაწილეები 9 მოდულს (თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას) გაზრდილი სასწავლო დღეების ხარჯზე 2 წლის ნაცვლად 18 თვეში გაივლიან.

კურსის დასაწყისში, მონაწილეებს სფფ-ის პირველმა ვიცე პრეზიდენტმა, კახა ჭუმბურიძემ მიმართა და წარმატება უსურვა. PRO ლიცენზიის ახალი კურსში მონაწილეობენ ეროვნული და ასაკობრივი გუნდების სამწვრთნელო შტაბის წარმომადგენლები, ასევე ეროვნულ ჩემპიონატში მონაწილე კლუბის მწვრთნელები.

საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია უეფა-ს მწვრთნელთა განათლების კონვენციის წევრია, სფფ-ის ეგიდით სამწვრთნელო განათლების ყველა დონის კურსი უკვე მეოთხე წელია იმართება და მსმენელი მისი წარმატების დასრულების შემდეგ, უეფას ქვეყნებში მუშაობის უფლებას მიიღებენ.