სფფ-ის წარმომადგენლებმა განახლებული „ბენდელა“ მოინახულეს - ხელოვნურ საფარზე ვარჯიში მისაღებია, მთავარია, როგორი ხარისხია [ვიდეო] #1TVSPORT
სფფ-ის წარმომადგენლებმა განახლებული „ბენდელა“ მოინახულეს - ხელოვნურ საფარზე ვარჯიში მისაღებია, მთავარია, როგორი ხარისხია [ვიდეო] #1TVSPORT

„ბენდელას“ სტადიონს, სადაც ახალი საფარი დააგეს, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელები ესტუმრნენ.

განახლებული სტადიონი საფეხბურთო კლუბ „საბურთალოს“ წარმომადგენლებთან ერთად სფფ-ს პრეზიდენტმა, ლევან კობიაშვილმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა და ტექნიკურმა დირექტორმა ზაზა ზამთარაძემ დაათვალიერეს.

„ბენდელას“ სტადიონზე გამართულ ღონისძიებას ესწრებოდნენ ვეტერანი ქართველი ფეხბურთელები – ალექსანდრე ჩივაძე, ოთარ გაბელია, ნუკრი კაკილაშვილი, რევაზ ძოძუაშვილი, დავით მუჯირი-უფროსი, გრიგოლ ცაავა, ვახტანგ ქორიძე, ლევან ნოდია. ასევე იმყოფებოდა აფზახეთის ომში ტრაგიკულად დაღუპული ფეხბურთელის ზაზა ბენდელიანის და ვერიკო ბენდელიანი.

სტუმრები „საბურთალოს“ ასაკობრივი გუნდის ვარჯიშს დაესწრნენ, მოთამაშეებს სიტყვით მიმართეს, საკუთარი გამოცდილება გაუზიარეს და წარმატებები უსურვეს.

„საბურთალოს“ აკადემია სამედიცინო უნივერსიტეტის კუთვნილ „ბენდელას“ სტადიონზე 20 წლის წინ გადავიდა, ძველი საფარი საფარი კი მომავალი თაობების გაზრდას 11 წელი ემსახურებოდა. ახალი საფარი ბოლო თაობის ხელოვნური ხალიჩაა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის დაფინანსებით დააგეს.

„ახლა „ბენდელაზე“ ბოლო თაობის საფარია და ძალიან კარგი მოედანი გამოვიდა. ბავშვებმა უკვე გაიარეს ადაპტაცია და ყველა კმაყოფილია. საერთოდ, რაც უფრო კარგი ხარისხისაა საფარი, ტრავმიანობაც მით უფრო ნაკლებია“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან „საბურთალოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა კახა კაშიამ.

მისი თქმით, მცდარია შეხედულება, რომ ხელოვნურ საფარზე ბავშვების ვარჯიში არ შეიძლება:

„ამბობენ, ხელოვნური საფარი ბავშვების სავარჯიშოდ არ ვარგაო, მაგრამ დიდ დატვირთვებს ხელოვნურის გარდა ვერც ერთი მოედანი ვერ გაუძლებს. ხალიჩას სავარჯიშოდ ბევრი წამყვანი საფეხბურთო ქვეყნის საფეხბურთო სკოლებში იყენებენ. გასაგებია, რომ შვედეთში, ნორვეგიაში და დანიაში კლიმატის გამო ეს ჩვეულებრივი მოვლენაა. მაგრამ ესპანეთში და საფრანგეთშიც ასევე მასობრივად იყენებენ, სადაც კარგი კლიმატია და არანაირი პრობლემა არაა. მთავარია, საფარი როგორი ხარისხია და როგორ უვლი“.

 

დატოვე კომენტარი