სეზონის ყველაზე სწრაფი გოლი თელავში გავიდა - „ტორპედომ“ კონკურენტი სტუმრად დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT
სეზონის ყველაზე სწრაფი გოლი თელავში გავიდა - „ტორპედომ“ კონკურენტი სტუმრად დაამარცხა [ვიდეო] #1TVSPORT

ქუთაისის „ტორპედომ“ გასვლაზე „თელავი“ დაამარცხა და უშუალო კონკურენტთან ეროვნულ ლიგაში დარჩენისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვა.

თელავის „კავკასიონი არენაზე“ გამართულ შეხვედრამდე ქუთაისელები მასპინძლებს 8 ქულით ჩამორჩებოდნენ და 31-ე ტურის მატჩი რომ წაეგოთ, ლიგაში პირდაპირი გზით დარჩენის შანსს ფაქტობრივად ემშვიდობებოდნენ.

კახა ჩხეტიანის გუნდმა შეხვედრა მაღალ დონეზე ჩაატარა და მეტოქე დამაჯერებლად დაამარცხა. ანგარიში ქუთაისელებმა მე-17 წამზე გახსნეს. თორნიკე ახვლედიანმა საჯარიმოს კუთხესთან მიიღო ბურთი და ულამაზესი დარტყმით სეზონის ყველაზე სწრაფი გოლის ავტორი გახდა.

 

ახვლედიანმა მე-11 წუთზე დუბლი შეასრულა და სტუმრების უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდა. 27-ე წუთზე კუთხურის გათამაშების შემდეგ რაფაელ ჩუკვურამ სხვაობა შეამცირა და „თელავს“ მატჩის გადარჩენის იმედი გაუჩნდა, მაგრამ 44-ე წუთზე „ტორპედოს“ ბელარუსი ლეგიონერის, დმიტრი რეკიშის გოლმა მასპინძელთა იმედები ჩაკლა.

საბოლოოდ, ქუთაისის „ტორპედომ“ 1:3 მოიგო და მართალია, კახა ჩხეტიანის გუნდი ამ უმნიშვნელოვანესი ქულების მოპოვების მიუხედავადაც მე-8 ადგილზე (30) დარჩა, მაგრამ მე-7 ადგილზე მყოფ „თელავთან“ სხვაობა შეამცირა და ჯერ კიდევ აქვს შანსი, ლიგაში ადგილი გადათამაშების მატჩის გარეშე შეინარჩუნოს. აღსანიშნავია, რომ ქუთაისელებმა „თელავს“ მიმდინარე სეზონში ორიდან ორი გასვლითი მატჩი მოუგეს.

დატოვე კომენტარი