სეზონის რეკორდი ბათუმის ახალ სტადიონზე - „დინამო ბათუმი“-„ლოკომოტივის“ მატჩში 10 გოლი გავიდა #1TVSPORT
სეზონის რეკორდი ბათუმის ახალ სტადიონზე - „დინამო ბათუმი“-„ლოკომოტივის“ მატჩში 10 გოლი გავიდა #1TVSPORT

ეროვნული ლიგის 24-ე ტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი შეხვედრა ბათუმის ახალ სტადიონზე გაიმართა – ბათუმის „დინამომ“ თბილისის „ლოკომოტივს“ უმასპინძლა და წლის ყველაზე უხგვოლიან და სანახაობრივ მატჩში დამაჯერებლად დაამარცხა.

ბათუმელებისთვის „ლოკომოტივი“ ერთ-ერთ ყველაზე უხერხული მეტოქეა, რაც ამ მატჩმაც დაადასტურა. შეხვედრა თბილისელთა უპირატესობით და მომენტებით დაიწყო. მაგრამ 21-ე წუთზე ბათუმელთა პირველივე ხეირიანი შეტევა ჯაბა ჯიღაურმა ეფექტური გოლით დაასრულა – 1:0.

სტუმრებმა მეორე ტაიმის დასაწყისში შეხვედრის შემოტრიალება შეძლეს. 50-ე წუთზე, ბექა დარცმელიამ ეფექტური საჯარიმო დარტყმით ანგარიში გაათანაბრა – 1:1. 55-ე წუთზე კი სტუმრები დაწინაურდნენ. თორნიკე კირკიტაძემ ოლეკსანდრ ოზაცკი მოატყუა და შორეულ კუთხეში დარტყმით „ლოკომოტივი“ დააწინაურა 1:2.

მაგრამ ამის შემდეგ ბათუმელთა სპექტაკლი დაიწყო. „დინამოს“ მთავარმა მწვრთნელმა გია გეგუჩაძემ შეცვლები გამოიცნო. მასპინძლებმა ძალა მოიკრიბეს და თბილისელთა უპირატესობა მალე გააბათილეს, რაშიც მთავარი როლები შეცვლაზე შესულმა ფეხბურთელებმა ითამაშეს. სულ კი ტაიმში 9 გოლი გავიდა, რაც სეზონის რეკორდია.

65-ე წუთზე, გამოცდილმა გიორგი ნავალოვსკიმ ლამაზი გოლი გაიტანა. 69-ე წუთზე ბათუმელები მეორედ ჯაბა ჯიღაურმა დააწინაურა და დუბლი შეასრულა. მას გიორგი ფანცულაიამ მიბაძა (72, 84), 79-ე წუთზე თავი თორნიკე გაფრინდაშვილმა გამოიჩინა – ისიც შეცვლაზე შევიდა, ოღონდ პირველ ტაიმში და ორი საგოლე გადაცემის შემდეგ ეფექტური გოლიც გაიტანა. მეტოქის კარი ბათუმელთა მცველმა ირაკლი აზაროვმაც აიღო, ხოლო საბოლოო ანგარიში თბილისელთა თავდამსხმელმა მამია გავაშელიშვილმა დააფიქსირა და მიმდინარე სეზონში ყველაზე უხვგოლიანი მატჩი ბათუმის „დინამომ“ 7:3 მოიგო.

ბათუმელები 24 ტურის შემდეგ 50 ქულით ლიდერობას ინარჩუნებენ და მიუხედავად იმისა, თუ როგორ ითამაშებს „დინამო თბილისი“ (44 ქულა) გორის „დილასთან“, დაქვეითების საფრთხე არ ემუქრება. „ლოკომოტივი“ კი (36) ისევ მეხუთე ადგილზე დარჩა.

 

ფოტო: FC Dinamo Batumi