სეზონის პირველი გოლის ავტორი კუხიანიძეა - დიდი ემოცია განვიცადე, ალბათ, ზღვარსაც გავცდი [ვიდეო]
სეზონის პირველი გოლის ავტორი კუხიანიძეა - დიდი ემოცია განვიცადე, ალბათ, ზღვარსაც გავცდი [ვიდეო]

სერგო კუხიანიძე ეროვნული ლიგის 2021 წლის სეზონის პირველი გოლის ავტორი გახდა – 21 წლის ნიჭიერი თავდამსხმელი, რომელმაც ეროვნულ ლიგაში სადებიუტო შეხვედრა სადებიუტო გოლითაც აღნიშნა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებისა და წყალტუბოს „სამგურალის“ თავდამსხმელმა „დინამო თბილისთან“ შეხვედრის 30–ე წუთზე გიორგი მჭედლიშვილის პასით გაიტანა.

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების თავდამსხმელის ეფექტურმა გოლმა „სამგურალს“ მოქმედ ჩემპიონთან ქულა მოუტანა.

„მატჩი თავიდანვე დაძაბული სცენარით მიმდინარეობდა. ბუნებრივია, იოლ თამაშს არც ველოდებოდით და ამისთვის მზად ვიყავით. განწყობა საბრძოლო იყო, საქართველოს მოქმედ ჩემპიონს ვხვდებოდით და ორმაგად მოტივირებული ვიყავით. პირველ ტურს და სადებიუტო შეხვედრებს დაძაბულობა სულ ახლავს. თუ გავითვალისწინებთ, რომ თბილისის „დინამოს“ ვეთამაშებოდით, თანაც მისსავე მოედანზე, შედეგით უკმაყოფილო ნამდვილად ვერ ვიქნებით. ვფიქრობ, კარგად ვითამაშეთ და ანგარიშიც ჩვენთვის მისაღებია“, – ამბობს სერგო კუხიანიძე.

სეზონის პირველი გოლის ავტორმა „დინამოსთან“ მატჩი და ლიგაში სადებიუტო გოლი გაიხსენა: „ძალიან ბედნიერი ვარ, რომ 2021 წლის ეროვნული ლიგის პირველი გოლის ავტორი გავხდი, როგორ დავარტყი არ მახსოვს, რომ გავხედე და ბურთი ბადეს შეეხო, ყველაფერი დამავიწყდა. გოლის ეპიზოდში ძალიან დიდი ემოცია განვიცადე. ალბათ, ეს ემოცია ზღვარსაც კი გასცდა. მიხარია, რომ ჩემი გოლით გუნდს ქულის აღებაში დავეხმარე“.

დატოვე კომენტარი