სეზონის პირველი ფრე - „საბურთალომ“ ტრადიცია დაარღვია #1TVSPORT
სეზონის პირველი ფრე - „საბურთალომ“ ტრადიცია დაარღვია #1TVSPORT

„საბურთალომ“ ეროვნული ლიგის ახალი სეზონი გახსნა ქუთაისის „ტორპედოსთან“ საშინაო მატჩით, რომელიც ფრედ დასრულდა.

„საბურთალო“ მასპინძელი პირობითად იყო, რადგან „მიხეილ მესხი არენაზე“ მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ომარ თეთრაძის გუნდი ზაფხულამდე რუსთავში, ფეხბურთის ფედერაციის ტექნიკურ ცენტრში ითამაშებს.

ორივე გუნდი ახალ სეზონს განახლებული შემადგენლობით შეხვდა. ქუთაისელები ბევრ მოთამაშეს დაემშვიდობნენ და ახალწვეულებით გაძლიერდნენ. რამდენიმე მათგანი „ტორპედოს“ მთავარმა მწვრთნელმა კახა ჩხეტიანმა პირველივე შეხვედრაში ათამაშა – ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი ნიკა კაჭარავა იყო.

„საბურთალო“ სეზონს არა მხოლოდ განახლებული და გაახალგაზრდავებული შემადგენლობით შეხვდა – თბილისელებს ახალი მთავარი მწვრთნელიც ჰყავთ – ომარ თეთრაძე, „რომას“ ყოფილი მოთამაშე, რომელიც საქართველოში დიდი ხნის პაუზის შემდეგ დაბრუნდა.

რეალური საგოლე მომენტი ორივე გუნდმა შექმნა, მაგრამ მეკარეებმა, თორნიკე მეგრელიშვილმა და როინ კვასხვაძემ შესანიშნავად ითამაშეს და საბოლოოდ, სეზონის პირველი ფრე დაფიქსირდა – 0:0.

2015 წლიდან მოყოლებული, „საბურთალომ“ უძლიერესთა შორის მეცხრე სეზონი დაიწყო. ჩემპიონატის სტარტზე ჩატარებული რვა მატჩიდან თბილისურ კლუბმა აქამდე რვავე მოიგო, ამჯერად კი ტრადიცია დაარღვია.